
დღეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მორიგი შეხვედრები გაიმართება, სადაც ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებულ ინტერესს პარიზში გასამართი მატჩი იწვევს, რომელშიც ერთმანეთს "პარი სენ-ჟერმენი" და "ლივერპული" დაუპირისპირდებიან.
ჩვენი მოლოდინი კი "პარკ დე პრენსზე" ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენას უკავშირდება, რომელიც ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გატანილი გოლის, პირველი ქართველი ავტორია.
საქართველოს ნაკრების ლიდერს, "ნაპოლისთან" ერთად, უკვე მიღებული აქვს მერსისაიდელებთან თამაშის კარგი გამოცდილება. დღევანდელი შეხვედრის აფიშა იმის ყველა პირობას იძლევა, რომ მატჩი საინტერესო და დაძაბული იქნება. ამის ერთ-ერთი გარანტი ისიც უნდა გახდეს, რომ როგორც "პარი სენ-ჟერმენს" ისე "ლივერპულს" შიდა ჩემპიონატებში პრაქტიკულად ყველაფერი გარანტირებული აქვთ, ამიტომ ორივე გუნდი სრული მობილიზებით, ჩემპიონთა ლიგაზეა გადმორთული.
პარიზელთა ესპანელ მწვრთნელს, ლიგაზე დიდი მიზნები აქვს და სურს, რაც გუნდმა მესის, ნეიმარისა და მბაპესთან ერთად ვერ შეძლო, ახლა მოახერხოს, თუმცა ამისთვის ჯერ ლივერპულთან ორრაუნდიანი დუელია წარმატებით გადასალახი, რაც არცთუ იოლი საქმეა. ამ წყვილის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით, ღამის 12 საათზე დაიწყება.
0
0