13/12/2022
18:58
პოლიტიკა
“ვერ გეტყვით, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე დღეს არსებითი შედეგი მივიღეთ, შევეცდებით, პარასკევს უფრო ნათელი გავხადოთ, ვისთან დაკავშირებით შეიძლება კონსენსუსი”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, შეხვედრაზე სახალხო დამცველობის თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით ისაუბრეს.
„გვქონდა ჩვენ-ჩვენი პოზიციები, თუმცა დღეს მათი გარეთ გამოტანა, ვფიქრობ, პროცესს დააზიანებს. ამ აზრში გვეთანხმებიან ჩვენი ოპონენტებიც და შევეცდებით, რომ პარასკევს უფრო ნათელი გავხადოთ, ვისთან დაკავშირებით შეიძლება იყოს, ორივე მხრიდან კომპრომისული ვერსია და ამით მიღწეულ იქნას კონსენსუსი“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე იყო კამათი და დისკუსია კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, იმედს იტოვებს, რომ არსებობს კომპრომისის და, საბოლოო ჯამში, კონსენსუსის რეალური შანსი.
„ვისაუბრეთ ბევრ დეტალზე. მათ შორის, პერსონიფიცირებით. თუმცა, ჩვენი დისკუსიის ბოლოს ყველამ ერთხმად ვთქვით, რომ დღეს სახალხო დამცველის კონკრეტულ კანდიდატებზე კონკრეტული მესიჯების გარეთ გამოტანა ორივე მხარეს უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს და იმის შესაძლებლობას მოსპობს, გავაგრძელოთ კონსულტაციები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0