01/05/2024
12:39
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ აქციაზე ლევან ხაბეიშვილის დაზიანებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ შეძახილები მოჰყვა.
როგორც პაპაშვილმა აღნიშნა, მათი ეს საქციელი მიუთითებს, რომ ადეკვატური რეაგირება არ შეუძლიათ.
„რაც შეეხება კოლეგას, ლევან ხაბეიშვილს, დაზიანებები მიიღო, გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ გუშინ პოლიტიკოსების მიერ ვიხილეთ აქცია, რომელიც პოლიტიკოსების მიერ ძალადობაში იყო გადაზრდილი. მოვისმინეთ, როგორი ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა. თქვენი ეს რეაქციები აჩვენებს, რომ ადეკვატური რეაგირება არ შეგიძლიათ არაფერზე“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დაზიანებები წუხელ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე მიიღო. თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მას ფიზიკურად ათობით სპეცრაზმელი გაუსწორდა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მას ინგოროყვას კლინიკაში ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ „ლევან ხაბეიშვილი პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო“.
0
0