14/04/2023
11:39
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილს უგზავნის და სთხოვს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ მოსაზრება დაჩქარებულად მოამზადოს.
როგორც წერილშია აღნიშნული, მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
პაპუაშვილმა კომისიის მოსაზრების დაჩქარებულად წარმოდგენის საჭიროების ერთ-ერთ მიზეზად, ასევე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგი დაასახელა.
„თქვენო აღმატებულებავ,
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ" საქართველოს კანონი მეორე მოსმენით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განიხილა.
ასევე, გწერთ, რომ გთხოვოთ ვენეციის კომისიის დაჩქარებული მოსაზრება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თან ერთვის ამ წერილს.
მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაჩქარებული მოსაზრების საჭიროება, ასევე, გამომდინარეობს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგიდან, რომელიც ივნისში დასრულდება.
აქედან გამომდინარე, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი თხოვნაა, შეიმუშაოთ დაჩქარებული მოსაზრება ზემოაღნიშნული კანონპროექტის თაობაზე.
გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა,“ - აღნიშნულია პაპუაშვილის მიერ კლერ ბაზი მალორისდამი მიწერ წერილში.
0
0