
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრიუსელის მხრიდან მოსამართლეების არჩევის კრიტიკა იყო ცრუ და ყალბი, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს პოზიცია.
კერძოდ, როგორც ცნობილია, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მოსამართლეების დანიშვნის თემაზე კრიტიკა, რომელიც ისმოდა ელჩებისა თუ ევროპარლამენტარების მხრიდან, იყო ტყუილი.
„ეს გადაწყვეტილება უნდა ჩავდოთ კონვერტში და გავუგზავნოთ ბრიუსელს და ევროკავშირის საელჩოს. გახსოვთ, ვეტინგს, მოსამართლეების გადამოწმებას რატომ გვთხოვდნენ. ნამდვილი მიზეზი რაც არის, ძალიან კარგად ვხედავთ - მათ შორის, უკრაინაში „ნაბუ“ და სხვები რასაც აკეთებენ, კარგად აჩვენებს, რომ რეალური მიზეზი, რატომაც უნდოდათ ჩვენს სხვადასხვა სისტემაში ფეხის ჩადგმა, იყო ის, რომ კონტროლი მოეპოვებინათ მათ შორის სასამართლო სისტემაზე.
თუმცა, ფორმალურად მაინც ამბობდნენ, რომ თითქოს, მოსამართლეების არჩევის თუ დანიშვნის სისტემა არ იყო გამართული. მთელი ეს პროცედურა - მოსამართლეების დანიშვნისა და განსაკუთრებით უზენაეს სასამართლოში - სტრასბურგის სასამართლომ სასამართლო კონტროლში გაატარა.
ყველაფერზე, რაც მანამდე ზოგიერთი ელჩისგან, ევროპარლამენტარებისგან მოსმენილი გვქონდა, [სტრასბურგის სასამართლომ] თქვა, რომ იყო ტყუილი და რომ მოსამართლის გამწესების ქართული სისტემა, ამ შემთხვევაში უზენაეს სასამართლოშიც და ზოგადად, იყო აბსოლუტურად გამართული, არანაირი ვეტინგები და გამოგონილი რაღაც ხელოვნური ინსტრუმენტები ამას არ სჭირდება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული სამართლებრივი პოზიცია და საჩივრები საქმეზე „ფირცხალავა და Y საქართველოს წინააღმდეგ“, ასევე, „გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა.
0
0