16/04/2024
11:20
მსოფლიო
პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში, რამდენიმედღიან ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 39 ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთაგან ზოგიერთი ფერმერი იყო, რომლებსაც ხორბლის მოსავლის აღებისას მეხი დაეცათ.
როგორც BBC-ი წერს, წყალდიდობამ ასევე შეაფერხა ელექტროენერგიის მიწოდება და სატრანსპორტო ქსელების მუშაობა. პაკისტანის კატასტროფების მართვის ეროვნული სამსახურის პროგნოზით, უახლოეს დღეებში მეტი წვიმა, ასევე მეწყერი და წყალდიდობაა მოსალოდნელი.
პაკისტანი კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ექსტრემალური ამინდის მოვლენებს ხშირად ებრძვის. 2022 წელს, უპრეცედენტო წყალდიდობის შედეგად, ქვეყნის მესამედი მთლიანად წყალმა დაფარა, რის შედეგადაც 1700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა. მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და, თვეების განმავლობაში, სუფთა სასმელი წყლის დეფიციტი შეიქმნა.
ძლიერი წყალდიდობაა მეზობელ ავღანეთშიც. „დაიღუპა, მინიმუმ, 33 ადამიანი და განადგურდა ასობით სახლი,“ - განაცხადა ავღანეთის ხელისუფლებამ.
მეცნიერების განცხადებით, 2022 წელს, პაკისტანში დამანგრეველი წყალდიდობები გლობალურმა დათბობამ გამოიწვია. გაეროს კლიმატის გლობალური რისკის ინდექსის მიხედვით, კლიმატის ცვლილების მიმართ ყველაზე დაუცველი ქვეყნების სიაში პაკისტანი მე-5 ადგილზეა.
0
0