
პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში, რელიგიური მსვლელობისას თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. მეჩეთის მახლობლად, ხალხი წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღის აღსანიშნავად იკრიბებოდა.
ბელუჯისტანის პოლიციის უფროსმა აბდულ ხალიკ შეიხმა დაადასტურა, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. მისი თქმით, თავდამსხმელის შეჩერების მცდელობისას პოლიციის უფროსი ოფიცერიც დაიღუპა.
ბელუჯისტანის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
იმავდროულად, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ხეიბერ-პახტუნხვას პროვინციის ქალაქ ჰანგუში მდებარე მეჩეთში. დაღუპულთა რაოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა პოლიციის თქმით, სახურავის ჩამონგრევის შემდეგ რამდენიმე ადამიანი შესაძლოა ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა და ადგილობრივმა პირებმა გადაარჩინეს
როგორც BBC-ი წერს, აღნიშნული მეჩეთი პოლიციის კომპლექსის ნაწილია, რომელიც 40-50 ადამიანზეა გათვლილი.
პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა სარფრაზ ბუგტიმ ბელუჯისტანსა და ჰანგუში განხორციელებული „ტერორისტული თავდასხმები“ დაგმო.
ბელუჯისტანი პაკისტანის უდიდესი პროვინციაა, რომელიც ავღანეთსა და ირანს ესაზღვრება. ის ხშირად ხდება შეიარაღებული მებრძოლების, მათ შორის Tehrik-e Taliban Pakistan-ის (TTP), პაკისტანის თალიბანისა და „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების, სამიზნე. თუმცა Tehrik-e Taliban Pakistan-მა 29 სექტემბრის აფეთქებაში მონაწილეობის მიღება არ დაადასტურა და განაცხადა, რომ ასეთი თავდასხმა დაჯგუფების პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
0
0