პირველი ადამიანი, რომელსაც გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადაუნერგეს, საავადმყოფოდან გაწერეს. 62 წლის პაციენტს, რიჩარდ "რიკ" სლეიმანს, ოპერაცია მასაჩუსეტსის გენერალურ ჰოსპიტალში ჩაუტარდა.
როგორც ცნობილია, მანამდე, გენმოდიფიცირებული ღორის ორგანოების გადანერგვა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამჯერად, პროცედურის წარმატებით შესრულება კი, მეცნიერებმა ტრანსპლანტაციის სფეროში ისტორიული ეტაპად შეაფასეს.
საავადმყოფოს განცხადებით, პაციენტი რიჩარდ "რიკ" სლეიმანი თირკმელების ბოლო სტადიის დაავადებას ებრძოდა და მას ორგანოს გადანერგვა სჭირდებოდა. ექიმებმა სლეიმანს გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს. ოთხსაათიანი ოპერაცია 16 მარტს ჩატარდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის თირკმელი ამჟამად კარგად მუშაობს და ის დიალიზზე დამოკიდებული აღარ არის.
როგორც სლეიმანმა განაცხადა, საავადმყოფოდან გაწერა და სახლში წასვლა "ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტი" იყო მის ცხოვრებაში.
„მოხარული ვარ, რომ დიალიზის ტვირთისგან გათავისუფლებული შევძლებ ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნას მრავალი წლის განმავლობაში,“ - თქვა სლეიმანმა.
2018 წელს, სლეიმანს გარდაცვლილი დონორის თირკმელი გადაუნერგეს, თუმცა ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა და ექიმებმა ღორის თირკმლის გადანერგვის იდეა წამოჭრეს.
„ჩავთვალე, რომ ექიმები არა მხოლოდ მე დამეხმარებოდნენ, არამედ ეს ექსპერიმენტი იმედის მიმცემი იქნებოდა ათასობით ადამიანისთვის, რომლებსაც გადარჩენისთვის ტრანსპლანტაცია სჭირდებათ“, - თქვა სლეიმანმა.
კემბრიჯის ფარმაცევტულმა კომპანია eGenesis-მ „თირკმლიდან ღორის მავნე გენები ამოიღო და, ორგანიზმთან თავსებადობის გასაუმჯობესებლად, ისინი ადამიანის გარკვეული გენებით ჩაანაცვლა“. ტრანსპლანტაციის მხარდამჭერმა ჯგუფმა აღნიშნული ოპერაცია ისტორიულ ნაბიჯად შეაფასა, რომლის მეშვეობითაც, მსოფლიოში ორგანოების დეფიციტის პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, რომლებზეც დეფიციტი არაპროპორციულად მოქმედებს.
დადგენილია, რომ აშშ-ში, ორგანოს გადანერგვის მოლოდინში, ყოველ დღე 17 ადამიანი იღუპება. თირკმელი ტრანსპლანტაციისთვის ყველაზე მოთხოვნადი ორგანოა.
0
0