
პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში უნდა ჩაერთოს. მისივე შეფასებით, მერის არჩევნების მეორე ტურში „გამარჯვების ძალიან მაღალი შანსია, თუ ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე შეჯერდება“.
როგორც ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, პირადად მისი აზრით, ბათუმში მერობის კანდიდატად პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი, თბილისში კი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდნენ. „შეიძლება იყოს მზია ამაღლობელი, ციხეში მყოფი ადამიანი ყოველთვის იმარჯვებს ხოლმე, მსოფლიოში ასეთი გამოცდილება არის. მზია ამაღლობელი უნდა იყოს, როგორც მერობის კანდიდატი, ეს ჩემი მოსაზრებაა.
თბილისში სალომე ზურაბიშვილი. ფანტასტიკური კანდიდატია. მას შეუძლია გახდეს მილიონიანი ქალაქის მერი. დაცული ხარ 5 წლით, აბსოლუტურად, ხელს ვერავინ გახლებს“, -განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ის მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში დებატები უნდა გაიმართოს.
„ჩვენ შევედით საპარლამენტო არჩევნებში, დავამტკიცეთ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო, შედეგები არ ვაღიარეთ და დღემდე პარლამენტის ლეგიტიმაციას არავინ აღიარებს. შენ თუ არ დაამტკიცე არალეგიტიმურობა, ის ყოველთვის ლეგიტიმური იქნება. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ არ შევსულიყავით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებდნენ. რამდენით ადამიანით მეტი წავა არჩევნებზე, მით უფრო ნაკლებად არის გაყალბება მოსალოდნელი. შიდა პოლიტიკურ კონტექსტში დებატები აუცილებელია. არა იმიტომ, რომ ერთმანეთი შეცვალონ, არა, მათ არაფერი აღარ ეშველებათ. „კახელების აღმა ხნული ქართველებმა დაღმა ფარცხესო“ - ეს ყველაფერი მუშაობს სამწუხაროდ, ოღონდ პოლიტიკაში გადმოვიდა. დებატები საჭიროა იმისთვის, რომ ამომრჩეველმა მიიღოს გადაწყვეტილება. უნდა მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ იმ 4 პარტიიდან, ვინც გავა იმას, თუ არ მივიდნენ არჩევნებზე და დაუჯერონ მათ, ვინც ბოიკოტს აცხადებს. მათ რისი ეშინიათ? იციან, რომ არჩევნებს წააგებენ. ამიტომ, ოპოზიციას წაგების ეშინია. წინასწარ წაგებულ არჩევნებში შესვლა არ უნდათ. ვინც ბოიკოტზე ლაპარაკობს, მას წაგების ეშინია. მათ ძლიერი ამომრჩეველი ჰყავთ, მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილი დიდი ხანია მოდის მათთან ერთად. ამიტომ, ისინი დარწმუნებული არიან, რომ თუ საყოველთაო ბოიკოტი გამოვიდა, 2028 წლისთვის ივანიშვილის „ოცნება“ შუა გაიკრიფება და დარჩება მსხვილი პარტიები, რომლებსაც შერჩებათ გარკვეული რესურსები. მათ ახლა ყელში ჰყავთ გაჩხერილი ეს ახლად გამოჩეკილი პარტიები: „ლელო“, გახარია და ა.შ. ამიტომ, მათ ეშინიათ კონკურენციაში შესვლის, თუმცა არა „ქართულ ოცნებასთან“. მათი პრობლემა არის კონკურენცია გაუწიონ არა „ქართულ ოცნებას“, არამედ კონკურენცია გაუწიონ გახარიას და „ლელოს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ცვლილებების ერთადერთი ფორმა არის არჩევნები.
„ყოველთვის მომხრე ვარ არჩევნებში მონაწილეობის. მიმაჩნია, რომ არჩევნები არის ერთადერთი ყველაზე უფრო ლეგიტიმური, ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი, ყველაზე უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ფორმა ცვლილებებისთვის. პირველ რიგში, არჩევნები ცვლილებებისთვის ტარდება. როცა არც რევოლუციის შნო არ გაქვს, არც საყოველთაო გაფიცვის, არც საყოველთაო დაუმორჩილებლობის, როცა ეს ინსტრუმენტები არ მუშაობს კრიტიკულ დონეზე, რომ რამე შეცვალო, ცვლილებების ერთადერთი ფორმა არის არჩევნები“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ბოიკოტის შემთხვევაში ხელისუფლებას შეუძლია საკუთარი სატელიტი პარტიები შეიყვანოს პარლამენტში.
„ქართულმა ოცნებამ“ უკვე დიდი ხანია კვერცხი დადო პარლამენტში. ეს კვერცხები გამოიჩეკა. ეს არის მისი სატელიტი პარტიები: „ხალხის ძალა“, „ევროპელი სოციალისტები“, „ალტ ინფო“, რომელიც დაარეგისტრირეს და ა.შ. ისინი ამ ძალებს შეიყვანენ და ეს ხალხი გავა, როგორც ოპოზიცია. მსოფლიოსთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვერავინ დაუმტკიცებს „ქართულ ოცნებას“, რომ არჩევნები გააყალბა. სწორედ მაშინ ხელისუფლებას მწვანე აენთება. ისინი ხომ ბოლშევიკები არიან, ყოველთვის სხვას აბრალებენ რაღაცას, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ, რომ რაღაცაში შეცდნენ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
გარდა ამისა, ზაქარეიშვილმა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების დაკავებაზეც ისაუბრა.
ზაქარეიშვილის შეფასებით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება ბოიკოტის კონცეფციას გააძლიერებს, რაც „ქართულ ოცნებას“ ძალიან აწყობს.
„ნიკა გვარამია ბოიკოტის მკაფიო მომხრეა. ამიტომ, თუ მას დააპატიმრებენ, რა თქმა უნდა, ფასი დაედება, საზოგადოებაში მის მიმართ მეტად გაჩნდება სიმპათიები და მეტი მოთხოვნა იქნება, რომ მას მოუსმინონ. ნიკა გვარამიას დაპატიმრება ბოიკოტის კონცეფციას გააძლიერებს, რაც „ქართულ ოცნებას“ ძალიან აწყობს. ბოიკოტი ნიშნავს „ქართული ოცნებისათვის“ ძალაუფლების ჩუქებას ისე, რომ მან ხელახლა მოიპოვოს ლეგიტიმაცია. ამიტომ, გვარამიას დაპატიმრება „ქართულ ოცნებას“ ძალიან სჭირდება, რათა გააძლიეროს ბოიკოტის მომხრეების ნებისყოფა. ეს არჩევნებამდე გაგრძელდება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
0
0