
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აცხადებს, რომ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მოკლე დროში მომზადებული სქელტანიანი დოკუმენტი ძირითადად დაუსაბუთებელ მოსაზრებებს ეფუძნება.
სალიას თქმით, რეალურად, დოკუმენტზე მუშაობდა არა ექსპერტთა ჯგუფი, არამედ ერთი ადამიანი.
პაატა სალიას განცხადებით, ექსპერტმა არ გამოიძია კონკრეტული ფაქტები და არ ასახა დასკვნაში. მისივე განმარტებით, დასკვნაში არ აისახა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
„უშუალოდ ვიყავი ჩართული იმ პროცესში, როდესაც ექსპერტი იყო ჩამოსული საქართველოში და სხვადასხვა უწყებასთან გამართა შეხვედრა. ვკითხე მისი მანდატი, შესაძლებლობები, რა დროის ფარგლებში აპირებდა ამ ყველაფრის გაკეთებას. 2-3 დღეში შექმნილი სქელტანიანი დოკუმენტი, რომელიც ძირითადად მოსაზრებებს ეფუძნება, მგონია, რომ არ არის ის დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ შეიძლება, ვწუხდეთ.
ბრძანებთ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამოთქვამენ წუხილს, მე ვფიქრობ, წუხილს გამოთქვამენ იმის მიმართ, როგორც არის ეს დოკუმენტი შედგენილი, რა არის და რა არ არის გათვალისწინებული.
ექსპერტთა ჯგუფიც არ ერქვა, იყო ექსპერტი და მისი ასისტენტი, სხვა არავინ მუშაობდა ამ დოკუმენტზე, ერთი ადამიანი მუშაობდა, ესეც ხაზგასასმელია.
დოკუმენტები იუსტიციის სამინისტრომ იმაზე ადრე მიაწოდა, ვიდრე გათვალისწინებული იყო. დოკუმენტები ეხებოდა იმ პროგრესს, რაც არის საქართველოში, ეხებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომ მრავალი ის მოვლენა, რომელზეც ადრე იყო განცხადებები, რომ რაღაც ხდებოდა საქართველოში, იგივე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ა.შ. საბოლოო ჯამში, არ აღმოჩნდა სიმართლე, ეს დადასტურდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ.
რომელი კონკრეტული ფაქტი გამოიძია ექსპერტმა, რომელ კონკრეტულ ადამიანს, თუნდაც, თქვენი განმარტებით, დაზარალებულს ესაუბრა და ეს აღმოჩნდა დასკვნაში? ამ საქმეში არ მოხვდა არცერთი ის დოკუმენტი, რომელიც მეორე მხარის პოზიციას ამყარებდა. ვფიქრობ, ასეთი დასკვნის შედგენისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს ყველა მხარის მოსაზრება, არა მხოლოდ ერთი მხარის განცხადებები და პოლიტიკურ შეფასებას დამსგავსებული რაღაც განმარტებები“, – აღნიშნა პაატა სალიამ.
ამავდროულად, სალიას შეფასებით, გაცემული რეკომენდაციები „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებს სცდება.
„დასკვნის სერიოზულობაზე მეტყველებს ისიც, თუ რა რეკომენდაციებია. სიმართლე გითხრათ, დასკვნის კრიტიკისაგან თავს შევიკავებდი, თუმცა რეკომენდაციები, რაც, საბოლოო ჯამში, დასკვნად გასცა, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებს ყველანაირად სცდება. ასეთ რეკომენდაციებს რომ გასცემს ეს დასკვნა, სწორედ ამიტომ არის არასერიოზული, სწორედ ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ მისი კრიტიკა. ექსპერტმა დასკვნით ნაწილში რეკომენდაციების სახით დაწერა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა სტრასბურგის სასამართლოში უჩივლონ საქართველოს, სახელმწიფოებს შორის დავა დაიწყოს. წარმოუდგენელია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უჩივლონ საქართველოს. არცერთ იურიდიულ ლოგიკაში არ ჯდება, შეგიძლიათ, ნებისმიერ კვალიფიციურ იურისტთან გადაამოწმოთ“, – აღნიშნა პაატა სალიამ.
რაც შეეხება კითხვას, „არსებობს ბევრი მტკიცებულება, როგორ ძალადობდნენ სპეცრაზმელები მომიტინგეებზე, ამას ხომ ვერ დამალავთ?“, – პაატა სალიამ უპასუხა:„ასევე არსებობს უამრავი მტკიცებულება, როგორ დაზარალდნენ სპეცრაზმელები, პოლიციელები და ძალადობა იყო ორივე მხრიდან გარკვეულ ეტაპზე, რაც ძალიან სამწუხაროა, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ორივე მხრიდან უნდა იყოს გამოძიებული. ამ შემთხვევაში, არ ყოფილა ცალმხრივად რაიმე ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან, აქ იყო ერთეული შემთხვევები, სულ რამდენიმე შემთხვევა. იყო ბევრი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამოსაცნობი ნიშნები არ ჰქონდათ სპეცრაზმის წარმომადგენლებს და გადაწყდა, მომავალში ამ მიმართულებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს“.
პაატა სალია ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ არის უსამართლო დამოკიდებულება და საქართველოს აღებული ვალდებულებებისგან არ გადაუხვევია.
„ჩვენთვის პრობლემას, უფრო სწორად, გულისტკივილის საფუძველს წარმოადგენს ის უსამართლო დამოკიდებულება, რასაც, სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკავშირისგან. საქართველოს არ გადაუხვევია იმ ვალდებულებებისგან, რაც აღებული აქვს. ამას პირნათლად ვასრულებთ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო თავის ნაწილში ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული. არსებობს შესაბამისი გეგმა-გრაფიკი და გაწერილ ვადებში ყველა ეს ვალდებულება შესრულდება. სამწუხარო ისაა, რომ დამოკიდებულება შეიცვალა სხვა გარემოებების გამო, ამაზე ახლა აღარ ვისაუბრებ. ამ წლების განმავლობაში ბევრი საუბარი იყო ევროკავშირის მხრიდან და ვხედავთ უსამართლო დამოკიდებულებას.
გითხარით ჩემი გულისტკივილი, იგივე „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნასთან დაკავშირებით, სადაც აისახა მხოლოდ ერთი მხარის განცხადებები. ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი და არ აისახა ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რაზეც მათივე მხრიდან იყო მოთხოვნა. წარვუდგინეთ იმაზე ადრე, ვიდრე ითხოვდნენ, თუმცა არცერთი ეს დოკუმენტი დასკვნაში არ მოხვდა. არ აჩენს კითხვებს, რატომ არ ხვდება მათ მიერვე მოთხოვნილი დოკუმენტები დასკვნაში? არ აჩენს კითხვებს, რატომ არის დასკვნა ძირითადად რაღაც პოლიტიკურ განცხადებებზე, გადაუმოწმებელ ფაქტებზე დამყარებული? გეკითხათ იმ ქალბატონის მიმართ, ვინც ეს დასკვნა დაწერა, რატომ არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილი დაახლოებით 150-გვერდიანი ინფორმაცია, მტკიცებულებები? შეგიძლიათ, წერილობით გაუგზავნოთ კითხვა, იქნებ მოგწერონ და შემდეგ ჩვენც გაგვაგებინეთ, რას მოგწერენ“, – განუცხადა პაატა სალიამ ჟურნალისტებს.
ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში 12 მარტს გამოაქვეყნა.
0
0