
სასამართლომ ცალსახად და დადასტურებულად მიიჩნია, რომ სახელმწიფოს აქვს სრული ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მაშინ, როცა ადგილი აქვს თავდასხმას სამართალდამცავებსა და სახელმწიფო ორგანოებზე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, სასამართლომ დაადგინა, რომ დემონსტრანტების მხრიდან მოხდა ვითარების ესკალაცია, რასაც ოპოზიციონერი ლიდერების მოწოდებებმა ხელი შეუწყო.
„საპასუხოდ, შს სამინისტრო იძულებული გახდა, გამოეყენებინა ძალა, რომელიც სასამართლომ, გარკვეულ შემთხვევებსა და გარკვეულ მომჩივანთა მიმართებით, მიიჩნია არაპროპორციულად და სახელმწიფოს დააკისრა კომპენსაცია“, – აღნიშნა სალიამ.
ამასთან, იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აქციაზე დაზარალებული პირების ნაწილმა კომპენსაცია ქართულ სასამართლოშიც მოითხოვა და მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა.
„ეროვნულ დონეზე სასამართლოების გადაწყვეტილებები სრულ თანხვედრაშია დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან. ეს ხაზს უსვამს, რომ ჩვენმა მართლმსაჯულებამ სწორად შეაფასა ის გარემოებები, რასაც ადგილი ჰქონდა 20-21 ივნისს“, – განაცხადა პაატა სალიამ.
სალიას თქმით, იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებით გამოკვეთა საქართველოს ხელისუფლების აქტიური თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან.
„სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან თანამშრომლობაზე. ჩვენ საუბარი გვქონდა სტრასბურგის სასამართლოს პრეზიდენტთან, ბატონ მათიას გიომართან, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის თანამშრომლობს სტრასბურგის სასამართლოსთან“, – განაცხადა პაატა სალიამ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით პოლიციის მიერ პარლამენტის წინ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლას ეხება. 24 მომჩივანის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ორივე ასპექტის დარღვევა (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა/ეფექტიანი გამოძიების ნაკლებობა). 14 მომჩივანთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა (გამოხატვის თავისუფლება). ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ 11 მომჩივანის მიმართ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრების თავისუფლება).
ცნობისთვის, საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ საქართველოს პროკურატურამ ორ საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.
0
0