04/04/2022
18:54
პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადება ძალიან მძიმეა.
კერძოდ, მან კომენტარი გააკეთა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.
პაატა მანჯგალაძის შეფასებით, უკრაინას კონკრეტული ფაქტი ექნება, თუმცა ამავდროულად ამბობს, რომ აღნიშნულ განცხადებას ცალსახად არ იღებს და მტკიცებულება სჭირდება.
„უკრაინის განცხადება არის ძალიან მძიმე. საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა და როცა ასეთ განცხადებას აკეთებს, მგონი, კონკრეტული ფაქტი ექნება. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მძიმეა, რომ საქართველო ამ ფორმით ეხმარება რუსეთს. უკრაინის ამ განცხადებას ცალსახად არ ვიღებ, მტკიცებულება მჭირდება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
0
0