
მას შემდეგ, რაც მე გამოვაცხადე, რომ არ შეიძლება, ენდო ივანიშვილის არჩევნებს და საქართველოში უნდა ჩავატაროთ რამე ალტერნატიული და ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს ინტერნეტ არჩევნები, უკვე გვაქვს სამი შემოთავაზება, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
ბურჭულაძის თქმით, სპეციალისტები ევროპიდან და ამერიკიდან განიხილავენ, რომელია ყველაზე სანდო.
„ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სატელეფონო არჩევნებმა. უნდა გითხრათ, რომ ასეთი არჩევნები უკვე ჩატარდა ესტონეთში. იმის შემდეგ, რაც მე გამოვაცხადე, რომ საქართველოში არ შეიძლება, ენდო ივანიშვილის არჩევნებს და ჩვენ უნდა ჩავატაროთ რამე ალტერნატიული და ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს ინტერნეტ არჩევნები, უკვე გვაქვს სამი შემოთავაზება, სამივე ჩამოვა. ჩვენ მოვიყვანთ საზღვარგარეთიდან, ევროპიდან, ამერიკიდან სპეციალისტებს და ვეტყვით, რომელია ყველაზე სანდო. რომელიც იქნება ყველაზე სანდო, ამის შემდეგ შევთავაზებთ „ქართულ ოცნებას“, რომ ჩაერთოს ამ საქმეში და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები. სხვა არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ის კალანდარიშვილი დაიწერენ, რამდენსაც უნდათ“, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
კითხვაზე, „აღნიშნული აპლიკაციის შექმნაში მიიიღებს თუ არა თქვენი შვილი მონაწილეობას?“, – ბურჭულაძემ უპასუხა: „არა, ბატონო. ტექნიკურს ნუ მეკითხებით, მე გეუბნებით შინაარსს, შემდეგ დასხდებიან სპეციალისტები, როგორც საქართველოდან, ისე ევროპიდან და ამერიკიდან და განიხილავენ, რომელია ყველაზე სანდო. ჩვენ გვაქვს უკვე ამის სამი ვარიანტი“.
პაატა ბურჭულაძე განმარტავს, რომ ეს აპლიკაცია უკვე შექმნილია. „ერთი ევროპაშია, ორი – ამერიკაში. ისინი ჩამოდიან და როგორც კი ჩამოვა, გეტყვით“, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
ამასთან, პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ოპოზიციონერი კოლეგების პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებას“ ყალბი და ცრუ არჩევნები არ უნდა ჩაატარებინონ.
„ყველანი გავერთიანდით აქ, ყველანი იყვნენ, „ლელოც“ იყო, „ნაციონალური მოძრაობაც“, 4 ნომერიც იყო, ინაშვილის პარტიაც იყო, ლევან ცუცქირიძე, ყველანი იყვნენ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძის თქმით, ხალხი კიდევ ერთხელ არ უნდა მოტყუვდეს.
„უნდა ავუხსნათ ხალხს, რომ არ უნდა მოტყუვდნენ, მერამდენედ უნდა მოტყუვდნენ. ხომ იცით, რომ ეს იქნება ცრუ არჩევნები. ჩვენ ვართ მართლები, ეგ არის ჩვენი ბერკეტი. ჩვენ ვართ მართლები და ისინი არიან მატყუარები“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ხალხთან ერთად, ყველა პოლიტიკური პარტიის მიზანი უნდა იყოს „მავნებელი მთავრობის მოშორება“.
„დაიმახსოვრეთ ყველამ, მე არ ვქმნი აქ პოლიტიკურ პარტიას, ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია, ჩემი მიზანი იყო, გამეერთიანებინა პოლიტიკური პარტიები, ხალხთან ერთად, ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს ერთი მიზანი, მოვიშოროთ ეს მავნებელი და ჩვენი ხალხის მტერი მთავრობა, ამას მივაღწევთ კიდეც“, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
0
0