
პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ტელეფონებით არჩევნები სავარაუდოდ სექტემბერში ჩატარდება. შესაბამისი განცხადება ბურჭულაძემ ამ თემასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ესტონეთში არსებობს ტელეფონებით არჩევნების ჩატარების პრაქტიკა.
„უკვე, ასე თუ ისე, ისახება გეგმები, რისი გაკეთებაც გვინდა. გვინდა, შედგეს აუცილებლად ნამდვილი არჩევნები და არა ის ცრუ არჩევნები, რომლებიც ტარდებოდა აქამდე. ჩვენ გვაქვს ბევრი ვარიანტი, რომ ჩვენ თვითონ ჩავატაროთ ეს არჩევნები. არ შეიძლება ასე გაგრძელება, ჩვენს თანამებრძოლებს უკვე ნელ-ნელა ციხეც ემუქრებათ, რადგან ცრუ კომისიაა, ცრუ დადგენილებას იღებს და ცრუ მოსამართლეებმა უნდა ჩასვან ციხეში. ამის დაშვება არ შეიძლება. ამიტომ, ჩვენ ვქმნით ერთ დიდ ალტერნატივას, რასაც ჰქვია საქართველოს ხალხი, საქართველოს დღევანდელი ე.წ. პარლამენტის წინააღმდეგ. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს, ე.წ. პარლამენტი თუ საქართველოს ხალხი.
მიდის მსჯელობაც, როგორ უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ასეთი დევიზი იქნება, რომ არ ჩაგატარებინებთ ცრუ არჩევნებს. ჩვენ ვართ ხალხი, ჩვენია ეს ქვეყანა და ჩვენ უნდა ჩავატაროთ ყველაფერი, რაც ამ ქვეყანას დადებითად სჭირდება. სამართლებრივად ძალიან კარგად წარმომიდგენია. ჩვენ გვყავს ნამდვილად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სახით. ჩვენ გვყავს ის მთავრობა, ჯერ კიდევ უზენაესი საბჭო, რომელიც არავის არ გაუუქმებია. ეს არის ზვიად გამსახურდიას მთავრობა, რომელმაც მოიყარა თავი და ისიც გვერდით გვიდგას. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, არავინ არ ჰყავს, თვითონ დაინიშნა თავისი თავი“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, ტელეფონით ჩატარდება თუ არა არჩევნები, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ესტონეთში ამის პრაქტიკა არსებობს და საქართველოშიც გადმოღებას აპირებენ.
„შეიძლება, ვინმეს გაეცინოს, რომ ტელეფონებით, თუმცა ესტონეთში უკვე ამის კარგი პრაქტიკაა და ჩვენ გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც ჟონავს „ქართული ოცნების“ ქაღალდი და ტელეფონებით ვაპირებთ ამის გაკეთებას. გვაქვს ვარაუდი, რომ არჩევნები ამ სექტემბერში ჩატარდება. რუსთაველის გამზირის ხალხიც არის აქ და ჩვენ აქედან გავდივართ. ისინი მზად არიან, რომ გავიდეთ რეგიონებში და ყველა მოვიყვანოთ ამ აზრებთან ახლოს.
გახარიები არ იყვნენ დღეს, მაგრამ გახარიასთან მე მქონდა პირადი შეხვედრა და ბატონმა გიორგიმ ბრძანა, რომ თქვენ თუ ჩაატარებთ ამ არჩევნებს, აუცილებლად თქვენთან ერთად მივიღებ მონაწილეობასო. ჩვენ აქ მესამედ შევიკრიბეთ. სალომე ზურაბიშვილი ამის წინააღმდეგ რატომ უნდა წავიდეს? მასაც უნდა საქართველოში იყოს სამართალი. ჩვენ თვითონ ჩავატაროთ ის, რასაც ვენდობი და ამ არჩევნებში თუ „ოცნება“ გაიმარჯვებს, კაი ბატონო. მაშინ ჩვენ შევალთ პარლამენტში კი არა, ყველაფერს ვიზამთ, მაგრამ ეჭვი ძალიან მეპარება“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, საარჩევნო ბიულეტენში პარტიების ჩამონათვალი როგორი იქნება, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ეს პარტიების გადასაწყვეტია.
„შორს წახვედით, პარტიები როგორ შეიკრიბებიან, როგორი კოალიცია იქნება, ეს მათი გადასაწყვეტია. დღეს ჩვენ არ ვთხოვთ პარტიებს, რომ გაერთიანდნენ ერთ დიდ პარტიად, ჩვენ ვთხოვთ გაერთიანდნენ ჩვენი იდეის გარშემო, რასაც ჰქვია ეს შეხვედრები“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებულ ოპოზიციის შეხვედრას ესწრებოდნენ, მათ შორის თაკო ჩარკვიანი, ლევან ხაბეიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, გია ბუღაძე, კობა ხაბაზი, პაატა მანჯგალაძე.
0
0