
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები ქალაქ ოზურგეთში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრის ფარგლებში სპეციალისტებმა ფერმერებს გააცნეს ლაბორატორიის შესაძლებლობები მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით, აგრეთვე ნიადაგისა და მცენარეების ნიმუშების ლაბორატორიაში მიტანის წესები და ვადები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ მცენარეთა კვლევა ხელმისაწვდომია არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონულ ლაბორატორიებშიც.
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარმართეს და ფერმერებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მცენარეთა დაავადებების მართვის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დეპარტამენტი აერთიანებს ენტომოლოგიის, ფიტოპათოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიებს, სადაც მიმდინარეობს კვლევები მცენარეთა მავნე მწერებზე, სოკოვან და ბაქტერიულ დაავადებებზე, აგრეთვე მცენარეთა ვირუსული დაავადებების გამომწვევი ორგანიზმების იდენტიფიკაციაზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლები.
0
0