
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სამშაბათს თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებები გამართა, რომლის დროსაც პრეზიდენტებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის გაზრდაც განიხილეს. ინფორმაციას Reuters ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, პრესსამსახურის განცხადებაში დამატებითი დეტალების დაკონკრეტების გარეშე წერია, რომ „დელეგაციებმა ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხი, მათ შორის, ბთჯ-ის ნავთობსადენით ექსპორტის გაზრდის პერსპექტივები განიხილეს.
თოყაევი თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანის მიწვევით იმყოფებოდა.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ყაზახეთმა ბთჯ-ის მილსადენით ნავთობის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 13%-ით, 785.000 ტონამდე გაზარდა. 2024 წლის პირველ ნახევარში 701.200 ტონა იქნა ტრანსპორტირებული. ნავთობი ბაქოს პორტს ტანკერებით აქტაუდან მიეწოდება და Reuters-ის შეფასებით, ექსპორტის გაზრდის მიზნით მისი მოდერნიზაცია აუცილებელია.
ამასთან, ბთჯ-ის მილსადენით ყაზახური ნავთობექსპორტი ამ ნედლეულის ხარისხის მოთხოვნების გამო იზღუდება. თოყაევის მთავრობა, 2029 წლამდე განვითარების გეგმის ფარგლებში, კასპიის ზღვის ყაზახეთისა და აზერბაიჯანის სანაპიროებზე საზღვაო ტერმინალებისა და ტრანსკასპიური ნავთობსადენის მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. გეგმა წელიწადში 20 მლნ ტონამდე ტრანსკასპიური ტრანსპორტირების შემდგომ ზრდას ითვალისწინებს.
0
0