
დღეს კონკურენციის დრო არ არის, დღეს არის ერთად ყოფნის დრო, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ოთხმა ბარიერგადალახულმა კოალიციამ უნდა ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი.
„ამ პოლიტიკურ ცენტრში წამყვანი როლი უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა, რომლის გარშემოც ყველა ის მანდატდატოვებული და მანდატდაუტოვებელი დეპუტატიც ამ შემთხვევაში – ვიცით, რომ, როგორც ბატონი გახარია ამბობს, მაისში დატოვებენ ამ მანდატებს, კი ბატონო, დაველოდოთ ამ პროცესსაც – ჩვენ ეს ალტერნატივა უნდა დავანახოთ გარე სამყაროს და რაც ყველაზე მთავარია, დავანახოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ შეგვიძლია ერთ ოთახში რაღაცაზე ჩამოყალიბება. სხვა შემთხვევაში ამით ყველაფრით სარგებლობს ბიძინა ივანიშვილი, რადგან მას უნდა „დაშალე და იბატონე“ და ამ პრინციპს ახორციელებს. მას აწყობს ეს შეუთანხმებელი ამბავი და თუ აწყობს ბიძინა ივანიშვილს, აწყობს რუსეთს და ვერ ხდება ძალების კონსოლიდირება. დღეს კონკურენციის დრო არ არის, დღეს არის ერთად ყოფნის დრო. როცა არჩევნები ჩაინიშნება, მერე ვიღაცა გადალაგდება, ვიღაცა ახალ კოალიციას გააკეთებს, ახალი პარტია შეიქმნება და მერე ყველას გაუმარჯოს ღმერთმა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
ხაზარაძის განმარტებით, მარში, მიტინგი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პოლიტიკური პროცესისთვის აუცილებელია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა.
„არ მინდა, ზურაბიშვილის მაგივრად ვისაუბრო. არ მინდა, ვინმეს მაგივრად ვისაუბრო. რომ ვუყურებ ამ პროცესს და ვერ ვხედავ კონკრეტულ შედეგებს, რადგან ასეთ შეხვედრას მერე უნდა მოჰყვეს პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ამ ოთხი პარტიის ლიდერების ერთად ჩასვლა იმ პოლიტიკურ ცენტრებში და თქმა, რომ ჩვენ შიგნით დალაგებულები ვართ, შიგნით ვართ ერთიან ფრონტად დალაგებული, საზოგადოებასთან ერთად და ვითხოვთ არჩევნებს, ვითხოვთ ამას და ამას, თქვენს მხარდაჭერას. ეს უნდა მოხდეს და ასე უბრალოდ შევიკრიბებით და ვხედავ ხოლმე, კონფიგურაციაც სხვადასხვაა, იმ მაგიდის გარშემო სხვადასხვა ადამიანები სხდებიან ხოლმე. პრობლემა კი არ არის, მაგრამ მთავარი ბირთვი არ ჩანს, მთავარი ბირთვი თუ არ შეიკრა, ვისაც ადამიანებმა თავისი მანდატი და ხმა მისცეს, ის თუ არ შეიკრა, სულ ასე იქნება“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
0
0