
„დედაქალაქის მერიამ ბოლო წლებში საბავშვო ბაგა-ბაღებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და პატარებისთვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა“ - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ 2018-2025 წლებში თბილისის მერიის მიერ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებული პროგრამების პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, სკოლამდელი განათლების მიმართულება დედაქალაქის მთავრობის მიერ ბოლო წლებში მილიარდ ნახევარი ლარით დაფინანსდა. როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში თანამედროვე სტანდარტები, მათ შორის სურსათის უვნებლობისა და კვების უსაფრთხოების მაღალი საერთაშორისო სტანდარტი დაინერგა, რაც საკრებულოს უმრავლესობის ლიდერის თქმით, მომავალ თაობებზე ზრუნვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„როდესაც ჩვენი პატარები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში იმყოფებიან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი უსაფრთხოება დაცული იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ საბავშვო ბაგა-ბაღებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვაა. მუნიციპალურ დონეზე საბავშვო ბაღების განვითარებაში ამდენი რესურსი არასდროს ჩადებულა, სკოლამდელ განათლებაში დიდი წარმატება გვაქვს. დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ოპერირებას 190 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღს უწევს, სადაც 60 000 აღსაზრდელია რეგისტრირებული. ამას გარდა, დედაქალაქის მთავრობა ბაღებში სერვისის ხარისხის ამაღლებაზეც მუშაობს და შედეგად, დღეს ბაღებში უკვე დანერგილია სურსათის უვნებლობისა და კვების უსაფრთხოების მაღალი საერთაშორისო სტანდარტი; ვიდეო სამეთვალყურეო და ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემები; ავეჯის განთავსებისა და რესურსული მასალების ხარისხის სტანდარტი. ამას გარდა, ყველა ბაღი შშმ პირთათვის ადაპტირებულია. სკოლამდელი განათლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ბაღებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელიც იქამდე გაგრძელდება, სანამ თბილისში არსებული ყველა საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტს არ დააკმაყოფილებს“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
როგორც დღეს თბილისის მერიის მიერ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებული პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადეს, 2018-2025 წლებში, თბილისში აშენდა და გაიხსნა 26 საბავშვო ბაღი; სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 14 ბაღს; 8 ბაღში ჩატარდა სრულყოფილი სარემონტო სამუშაოები; დაიწყო და მიმდინარეობს 6 საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა და 2 ბაღის ავარიული შენობების სრული რეაბილიტაცია. გარდა ამისა, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელთა შორისაა საზაფხულო ბაღები, რომლის რაოდენობა 40-იდან 55-მდე გაიზარდა.
0
0