
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, სადაც გიორგი ტყემალაძისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და მისი კანდიდატურის დედაქალაქის ვიცე-მერად დანიშვნის თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრების სახელით მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.
„ბატონო გიორგი, თქვენ არაერთი თბილი სიტყვა მოისმინეთ ამ სხდომის დაწყებამდეც და ახლა მინდა ყველას სახელით დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც ამ ქალაქისთვის აკეთებდით. თქვენ ხართ ამ ინსტიტუციის ცოცხალი მეხსიერება და ბევრი რამ, რაც გაკეთდა, თქვენი დამსახურებაა. მე, როგორც ერთ კოლეგასა და მეგობარს მინდა წარმატებები გისურვოთ და აღვნიშნო, რომ თუ იქნება მსგავსი შესაძლებლობა, ვისურვებდი რომ მეც ასე გამაცილონ“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
დღესვე საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ახალი თავმჯდომარის, ზურაბ აბაშიძის, კანდიდატურას დაუჭირეს მხარი და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
„ზურა აბაშიძე პოლიტიკოსია, რომელსაც აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება მუნიციპალიტეტსა და საერთაშორისო ასპარეზზე, მას აქვს ჩვენი გუნდის სრული ნდობა და მხარდაჭერა. ბატონი ზურას მოსვლა აუცილებლად იქნება შემამსუბუქებელი გარემოება შექმნილი ბატონი გიორგის წასვლით“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
0
0