
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მმართველი პარტიის მიერ თბილისის მერობის კანდიდატის და მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მოქმედი მერი კახა კალაძე საუკეთესო კანდიდატია, რომელმაც მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა.
„კახა კალაძე არის საუკეთესო კანდიდატი, რომელსაც აქვს დიდი, მნიშვნელოვანი და ჩვენი ქალაქის ისტორიაში საუკეთესო ტრადიცია და მემკვიდრეობა, რომელიც მან დღევანდელ დღემდე მოიტანა. იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც დღეს ხორციელდება, მათ შორის სატრანსპორტო რეფორმას, პროექტებს ქალაქის გამწვანების მიმართულებით, სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, გაგრძელება სჭირდება და ვინ, თუ არა კახა კალაძე, არის პირველი და მთავარი კანდიდატი, რომელსაც ეს ყველაზე კარგად შეუძლია. ამ რეფორმებმა ჩვენი ქალაქი არსებითად და ფუნდამენტურად შეცვალა სწორი მიმართულებით.
ასევე მინდა, წარმატება ვუსურვო ქართული ოცნების დასახელებულ კანდიდატებს. თითოეული მათგანი არის ღირსეული ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ისინი საკუთარ სამაჟორიტარო უბნებში გაიმარჯვებენ“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ სწორად აირჩია მშვიდობის გზა და უარი თქვა ესკალაციასა და საომარ პროცესებზე.
„ჩვენ ყველამ კიდევ ერთხელ დავინახეთ, თუ როგორ სწორ გზას დაადგა საქართველო 2022 წლის თებერვალში, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, განვითარების და კეთილდღეობის გზა და უარი ვთქვით გაუგებარ ესკალაციასა და საომარ პროცესებზე. ჩვენ დავინახეთ ამის შედეგები გასულ დღეებში. ძალიან გვიმძიმს იმის ყურება, თუ რა ხდება ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის თავს. გვინდა, ვუსურვოთ უკრაინელ ხალხს და მსოფლიოს მშვიდობა და ვფიქრობ, რომ საქართველომ, როგორც ერთმა ქვეყანამ, საკმაოდ ძლიერი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინა უკრაინას. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც რეალობა სწორად შეაფასა და მიუხედავად ამ მძიმე პროცესისა, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, კეთილდღეობა და მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
0
0