04/02/2022
19:17
პოლიტიკა
„დღეს ყველამ ვნახეთ, რომ ბარათაშვილის გამზირის მიმდებარედ, ისტორიულ გალავანთან არსებულ მშენებლობასთან დაკავშირებით, ჩვენმა კოლეგებმა მცირე თეატრალური წარმოდგენა გვაჩვენეს. იმის შესახებ, თუ როგორ მახინჯდება
ისტორიული გარემო და ასე შემდეგ. როგორც ჩანს პარტიაში დავალებული აქვთ, რომ ასეთი განცხადებები აკეთონ, ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალონ და თბილისის მერიის საქმიანობას მაქსიმალურად ზიანი მიაყენონ. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ თბილისის ისტორიულ გალავანზე, მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 2009 წელს.
სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენი ეს კოლეგები თბილისის მუნიციპალიტეტში მუშაობდნენ, სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის ირაკლი ნადირაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატი იყო. დღეს კი, 2009 წლის საკითხზე პასუხს სთხოვენ
თბილისის მერიის ადმინისტრაციას.“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა ბრიფინგზე ფოტო და დოკუმენტური მასალა წარადგინა იმის შესახებ, თუ როგორი მშენებლობა იგეგმებოდა 2009 წელს გაცემული
ნებართვით. ოთარ გრიგოლიას განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტისთვის წარმოდგენილი პროექტი მიზანშეუწონელი იყო, რადგან დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი მშენებლობების განხორციელება მიუღებელია.
„მერია მუშაობდა კომპანიასთან პროექტის კორექტირებასთან დაკავშირებით, რადგან ისტორიული ადგილას ამ არქიტექტურისა და მასშტაბების მშენებლობა მიუღებელი იყო. მერიამ დაიწყო მოლაპარაკებები ნებართვის მფლობელთან პროექტის კორექტირებაზე და ბოლო სართულის მოხსნაზე. ნებართვის მფლობელმა რამდენჯერმე წარმოადგინა დაკორექტირებული პროექტი, თუმცა მერიას მიაჩნდა, რომ კომპანიას კიდევ უფრო უნდა შეემცირებინა მასშტაბები,
რის გამოც პროექტის შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ახალი პროექტის შეთანხმების პროცესში მშენებელს გაუვიდა არსებული ნებართვის ვადა. იმისთვის, რომ არ დარღვეულიყო კერძო მესაკუთრის უფლებები, მერიის არქიტექტურის სამსახურმა კომპანიას ნებართვის ვადა გაუგრძელა, თუმცა მერიის პოზიცია ბოლო სართულის მოშლასთან დაკავშირებით უცვლელი დარჩა.
აქედან გამომდინარე, მშენებლობა შეჩერებულია მერიის მოთხოვნით, ვინაიდან საკითხი ბოლო სართულის მოხსნასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ღიაა და მერიის მოთხოვნა სართულის დემონტაჟზე კომპანიას შესრულებული არ აქვს.“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
საკრებულოს უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, სამუშაოების მერიასთან შეთანხმების გარეშე გაგრძელების შემთხვევაში, დადგება ნებართვის მთლიანად გაუქმების საკითხი. მისივე თქმით, ეს არის მუნიციპალიტეტის პრინციპული პოზიცია.
0
0