19/04/2023
16:07
პოლიტიკა
დადასტურდა, რომ საქართველოში არსებობს „კლანი“, რომელსაც მფარველობს „ქართული ოცნება“ და ისინი თავიდან ბოლომდე გათხვრილი არიან ამ დანაშაულებრივ სისტემაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი თავის წინააღმდეგ ყველა მტკიცებულება თავად შექმნა.
„ეს არის ერთიანობის ძალა - კონსოლიდირებული ოპოზიცია და ორგზის დამარცხებული „ქართული ოცნება“, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციას. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და წევრობა ნიშნავს, მათ შორის, საპარლამენტო პროცედურების პატივისცემას უმრავლესობის მხრიდან და ისინი ამას ბოიკოტს უცხადებენ. გადაეფარნენ ბოლომდე სასამართლო „კლანს“. მათ ხომ იციან, რომ დიდ დანაშაულში მიუძღვით ბრალი? ამის დასაფარავად ფიქრობენ, რომ თუ არ შედგება საგამოძიებო კომისია, რამენაირად თავს იმართლებენ. დადასტურდა, რომ საქართველოში არსებობს „კლანი“, რომელსაც მფარველობს „ქართული ოცნება“ და ისინი თავიდან ბოლომდე გათხვრილი არიან ამ დანაშაულებრივ სისტემაში.
ძალიან მალე ნახავთ, რომ ისინი იქნებიან აბსოლუტურ უმცირესობაში, მათ შორის, საქართველოს პარლამენტშიც, როცა ახალ პარლამენტს ავირჩევთ და დემოკრატიული ძალები მოვალთ ხელისუფლებაში.
ერთიანობაში არის გამარჯვების ფორმულა. რა არის გეგმა? ყოველდღე გავაშიშვლოთ რეჟიმი. გუშინ და დღეს გაშიშვლდა „ქართული ოცნება“ და მტკიცებულებებს რომ ითხოვდნენ, თვითონ მოაწერეს ხელი მტკიცებულებებს, რითაც დადასტურდა, რომ საქართველოში არის „კლანი“, ამ „კლანს“ მფარველობს „ქართული ოცნება“ და ამ „კლანთან“ დანაშაულებრივ გარიგებაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არიან სწორედ. აი, სწორედ ეს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს და საბოტაჟს უწყობენ საქართველოს ევროინტეგრაციას.
ოპოზიციას იმიტომ ჰქვია ოპოზიცია, რომ გვაქვს უფრო ნაკლები მანდატი, ვიდრე ხელისუფლებას და ოპოზიციას იმაზე მეტი, რაც ახლა ხდება პარლამენტში, მარტო საქართველოში კი არა, არ გაუკეთებია სხვა არც ერთ ქვეყანაში - ვერ მომცემთ ასეთ მაგალითს. ორი დღე ვაშიშვლებთ მათ დანაშაულებრივ კავშირს სასამართლო და მართლმსაჯულებაში არსებულ „კლანთან“.
საკუთარი თავის წინააღმდეგ ყველა მტკიცებულება თავად შექმნეს“, - განაცხადა ვაშაძემ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი კვლავ არ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარა, ტაბლოზე მხოლოდ 52 დეპუტატი დაფიქსირდა. შედეგად კენჭისყრის პროცესი ჩაიშალა და მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა.
სხდომაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მიზნით არ აპირებდნენ უმრავლესობის წევრი დეპუტატები რეგისტრაციის გავლას.
0
0