
ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი დღეს ბარიერგადალახულ, 4 პოლიტიკურ გაერთიანებას უმასპინძლებს.
ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლები პრეზიდენტთან ახალი არჩევნების უმოკლეს დროში დანიშვნას განიხილავენ, რაც მათი თქმით, ქვეყანას უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს.
ოპოზიციონერები პრეზიდენტთან ერთად აპირებენ განიხილონ წინასწარი გეგმა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია არჩევნებს არ ჩანიშნავს.
რა სამართლებრივი გზები არსებობს ახალი არჩევნების ჩასატარებლად თავისუფალ და სამართლიან გარემოში - ამ საკითხზე ამავე პარტიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს გუშინ გამართული შეხვედრისას. ლიდერები თანხმდებიან, რომ ამ პროცესში პრეზიდენტ ზურაბიშვილის ჩართვა და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები არსებით როლს თამაშობს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში.
"არ მგონია, რომ დოკუმენტის ფორმალიზაცია იგეგმებოდეს, უბრალოდ, შინაარსები იქნება, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია პრეზიდენტის განცხადებას, რომ მზადდება დოკუმენტი, რომელშიც არჩევნების ძალიან მალე ჩატარებისთვის მინიმალური პირობები იქნება წარმოდგენილი.
როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, უნდა იქნას მიღებული მკვეთრი გადაწყვეტილებები და არ უნდა იყოს ბუნდოვანება.
„მე ჩემს და ჩემი კოალიციის პოზიციას გეტყვით. გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს აქ, საქართველოში და ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს მკვეთრი და მკაფიო, ბუნდოვანებას მე არ დავუჭერ მხარს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
0
0