უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მის მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გაყინვას ითვალისწინებს, უარყო.
როგორც უკრაინული მედია წერს, ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებებში ორბანმა თქვა, რომ მან ზელენსკის ფრონტის ხაზზე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა შესთავაზა, რაც, მისი აზრით, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს დააჩქარებდა.
ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ მისი ინიციატივის შესრულებას დაჟინებით არ ითხოვდა და უკრაინული მხარის არგუმენტები მიიღო.
მოგვიანებით, პუტინის მომხრე ჟურნალისტთან ინტერვიუში, რომელიც კიევში უნგრეთის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა და ორბანს შეხვედრების შემდეგ გაესაუბრა, უნგრეთის ლიდერმა დაადასტურა, რომ ზელენსკიმ მისი იდეა „ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის“ შესახებ უარყო.
უნგრეთის პრემიერის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორბანის გეგმის ლოგიკაში ეჭვი ეპარება და მას მხარს არ უჭერს, რადგან უკრაინას რუსეთთან შეთანხმების მცდელობის ცუდი გამოცდილება აქვს.
„მსგავსი შეთანხმებები არ იყო კარგი უკრაინისთვის“, - ციტირებს ზელენსკის სიტყვებს ორბანი.
0
0