
ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოება და მისი მეგობრები “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტზე კრიტიკულ განცხადებას ავრცელებენ.
ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მოქალაქეთა ნებასა და ადამიანის უფლებებს.
“ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოება და მისი ახლო მეგობრები შეშფოთებულნი არიან საქართველოში განვითარებული მოვლენებით და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან “უცხოური გავლენის შესახებ” კანონის მიღებას”, — წერია განცხადებაში.
ხელმომწერთა სიტყვებით, ხსენებული კანონპროექტი “ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და ქვეყნის ევროპულ გზას, რომელიც მხარდაჭერილია მისი მოქალაქეების უმრავლესობის მიერ საუკუნეების განმავლობაში”.
“ოქსფორდის უნივერსიტეტი, რომელიც ფლობს უორდროპების ქართული წიგნებისა და ხელნაწერების უნიკალურ კოლექციას ბოდლიანის ბიბლიოთეკაში 1909 წლიდან, ძალიან სიმბოლური ადგილია, რადგან ის ინახავს საქართველოს ევროპული მისწრაფებების კარგად დოკუმენტირებულ ისტორიას და გაერთიანებულ სამეფოსთან მის გრძელვადიან პარტნიორობას.
ქართველი ხალხის ეს ისტორიული არჩევანი დაცულია საქართველოს კონსტიტუციითაც და, შესაბამისად, მას პატივი უნდა სცეს ქვეყნის ხელისუფლებამ.
ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ, ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოება და მისი მეგობრები, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, ვინც ამ კანონს აპროტესტებს”, — აღნიშნავენ ხელმომწერნი.
ისინი ხაზს უსვამენ, რომ ხსენებულ კანონპროექტს აკრიტიკებენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც რამდენიმე ათეული წელია, მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
“საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა ასევე არაერთხელ აღნიშნეს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემულ 12 რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად და არ შეესაბამება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს.
ამიტომ, კანონის ინიციირება, რომელიც, როგორც მიზნებით, ასევე შინაარსით, აშკარად ჰგავს მის რუსულ ანალოგს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს ევროინტეგრაციის ასეთ კრიტიკულ ეტაპზე”, — აღნიშნულია განცხადებაში.
0
0