07/08/2024
13:43
ეკონომიკა
2024 წლის ივლისში ოქროს ფასი თვიურად 5.2%-ით გაიზარდა. როგორც “გალთ&თაგარტი“ თავის მიმოხილვაში განმარტავს, გეოპოლიტიკური დაძაბულობის (ტრამპზე თავდასხმა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია), ეკონომიკური ინდიკატორების (აშშ-ს ინფლაცია, განაკვეთების შემცირების მოლოდინი) და ურისკო აქტივში გადანაცვლების გლობალური ტრენდის ფონზე, ოქროს ფასმა ივლისში კიდევ ერთ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ტრამპზე თავდასხმამ ე.წ. „ტრამპ ტრეიდები“ გაააქტიურა, რაც ისეთ ტრეიდებს ეწოდება, რომლებიც დონალდ ტრამპის მიერ ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებით იხეირებს.
„სანამ ჯო ბაიდენი ბრძოლას გამოეთიშებოდა, ბევრმა ჩათვალა, რომ ტრამპზე თავდასხმა და თანმდევი სიმბოლური ფოტო ყოფილ პრეზიდენტს თითქმის გარანტირებულ გამარჯვებას მოუტანდა. შესაბამისად, ინვესტორებმა ისეთი აქტივების ყიდვა დაიწყეს, რომელთათვისაც ტრამპის გაპრეზიდენტება დადებითი მოვლენა იქნებოდა. Bloomberg-ის გამოკითხვის მიხედვით, ამ შემთხვევაში ოქრო პორტფელის დივერსიფიკაციის საუკეთესო საშუალებაა. მოგვიანებით, როცა საპრეზიდენტო რბოლაში ბაიდენის ნაცვლად კამალა ჰარისი ჩაერთო, „ტრამპ ტრეიდები“ შემცირდა, თუმცა ოქროზე მოთხოვნა კვლავ მაღალი დარჩა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო ომის რისკებმა ჰეჯირების აქტივებზე, განსაკუთრებით კი ოქროზე მოთხოვნა გაზარდა,“- აღნიშნულია მიმოხილვაში.
0
0