
ოპოზიციის შეხვედრაზე ისეთი სევდიან ხასიათზე ვარ ხოლმე, ჩემთვის ვფიქრობ: „ამხელა ამპარტავნობით როგორ დადიხართ?!” - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკოსები ზედმეტად ამპარტავნები არიან.
„ვინც ჩვენთან პოლიტიკაში არიან, ზედმეტი ამპარტავნებით არიან შეპყრობილები. ყველას ისეთი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, დაიღლები რომ უყურებ. ოპოზიციის შეხვედრაზე ისეთი სევდიან ხასიათზე ვარ ხოლმე, „ამხელა ამპარტავნობით როგორ დადიხართ?!“ - ჩემთვის ვფიქრობ, ზოგიერთს რომ ვუყურებ ხოლმე. 3 ჯერ გამოჩნდებიან ტელევიზორში და შემდეგ თავი კიტრები ჰგონიათ, თან შუშა კიტრები“, - განაცხადა ელისაშვილმა.
წამყვანის კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ასეთ ადამიანებთანა ერთობა, ელისაშვილი ასე პასუხობს: „ძალიან რთულად რომ წარმომიდგენია, ამიტომაც არ გვაქვს“.
მისივე მოსაზრებით, რუსთაველზე თუ იქნება პროტესტი, საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდება.
„პროტესტი არ შემწყდარა მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს არწმუნებდნენ, ცოტა ხანში არ იქნებოდა. არავინ შეშინებულა, რა თქმა უნდა, ემოციურად ცოტა გადავიღალეთ. რა თქმა უნდა დამღლელია. მე ამისაც არ მჯეროდა, რადგან ეს არ არის ჩვენ ხასიათში. რუსთაველზე თუ იქნება პროტესტი, აუცილებლად დავბრუნდებით საერთაშორისო დღის წესრიგში“,- აღნიშნა მან.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია მუდმივად მუშაობს პარტნიორებთან იმისათვის, რომ საქართველო არ ამოვარდეს მათი დღის წესრიგიდან.
მისივე თქმით, თუკი 31 მარტს დაგეგმილი აქცია მასშტაბური იქნება, საქართველო ისევ მიიქცევს საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებას.
"31 მარტის აქცია თუ იქნება მასშტაბური, ჩვენ ისევ მივიქცევთ ყურადღებას (საერთაშორისო პარტნიორების). გასროლილი თოფივით ეშინიათ სანქციების. ყველაზე მძაფრი სანქციების დაწესება ამერიკას შეუძლია“,- აღნიშნა ელისაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა რომ ძალიან მძიმე გაზაფხული იქნება. ელისაშვილი ამბობს, რომ პროტესტი გაიზრდება და რადიკალურიც გახდება.
0
0