ჩემი კოლეგები რევოლუციას რომ აანონსებდნენ, გავუგებდი, მაგრამ რევოლუციას ისინი არ აანონსებენ, პარლამენტში ისინი არ არიან და, აბა, რა წარმოუდგენიათ პოლიტიკა, მე არ მესმის, - ასე ეხმაურება პარტია „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი „ნაცმოძრაობის“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ბოიკოტის გამოცხადებას.
მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების უდიდესი ნაწილი პარლამენტში მაინც არაფერს აკეთებდნენ, ბოიკოტის გამოცხადებით კი ამას ოფიციალურად აღიარებენ და ხელფასს მაინც აიღებენ.
„ჩემი კოლეგები რევოლუციას რომ აანონსებდნენ, გავუგებდი, მაგრამ რევოლუციას ისინი არ აანონსებენ, პარლამენტში ისინი არ არიან და, აბა, რა წარმოუდგენიათ პოლიტიკა, მე არ მესმის. ბოიკოტის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ ამ წლების მანძილზე ჩემმა კოლეგებმა ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს, რა არის პოლიტიკური პროცესი, როგორ უნდა იქცეოდნენ. ერთხელ შეცდომა დაუშვეს, ზოგმა ორჯერ შეცდომა დაუშვა, ჩვენ შეცდომებს არ ვიმეორებთ, მაგრამ ისიც მესმის, რომ მათი უდიდესი ნაწილი პარლამენტში მაინც არაფერს არ აკეთებდა და ასე ოფიციალურად შეუძლიათ აღიარონ და ხელფასი აიღონ. მე მგონი, ეს არის საბოლოო მიზანი. თან ერთი თვე დარჩა პარლამენტის მუშაობის და უბრალოდ ცოტა უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ ბოიკოტის რეჟიმში გადადიან. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ გადაწყვიტეს.
0
0