ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო თემა საქართველოა, თავის X-ზე წერს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა მასთან საუბრისას “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციის აკრძალვის გეგმასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.
“აშშ მმართველი პარტიის, ”ქართული ოცნების" მზარდად ანტიდემოკრატიული რიტორიკით და ქმედებებით კვლავ ღრმად შეშფოთებულია. განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის აკრძალვის გეგმას აცხადებს, ამის მორიგი მაგალითია". - თქვა მილერმა რაუფოღლუს მიხედვით.
ჟურნალისტის თქმით, მილერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ “ოცნების” ნაბიჯები ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან შეუსაბამოა და დემოკრატიულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის.
"როგორც თვეების განმავლობაში ვამბობდით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ქართველი ხალხის მისწრაფებებთან და მთავრობის მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დიდი ხნის გაცხადებულ გეგმასთან წინააღმდეგობაში მოდის და შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის საძირკველს წარმოადგენს". - თქვა სახდეპის სპიკერმა რაუფოღლუს თანახმად.
ამასთან, როგორც რაუფოღლუ წერს, სახდეპის სპიკერმა თქვა, რომ აშშ ხელისუფლებას მოუწოდებს, ადამიანის უფლებებს პატივი სცენ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას დაუბრუნდნენ.
"საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს პატივი სცენ, კრიტიკოსთა დემონიზებასა და წინააღმდეგობის სივრცის შემცირებას მოეშვან და დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას დაუბრუნდნენ". - თქვა მილერმა ჟურნალისტის მიხედვით.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებით, რაც შემდეგ ბიძინა ივანიშვილმაც გაიმეორა, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ შორის იმიტომაც სჭირდება, რომ დააინიცირონ სამართლებრივი პროცესი, "რომლის შედეგადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება".
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელი პარტიების აკრძალვას აპირებს ოცნება, მკაფიო ჩამონათვალით უპასუხა: ენმ, “ახალი”, “გირჩი”, “დროა”, “ლელო” და “გახარია - საქართველოსთვის”.
0
0