19/06/2023
15:29
პოლიტიკა
არჩევნებამდე 14 თვით ადრე ერთიან საარჩევნო სიებში ჩაწერის საკითხი ნამდვილად არ დგას. ახლა რაზეც ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს და კოორდინაცია ჰქონდეს, არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების ამოცანა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტიები უნდა გამსხვილდეს.
„ჩვენ ოპოზიციის შიგნით ჩხუბსა და კინკლაობაზე მორატორიუმი გვაქვს გამოცხადებული. როდესაც ოპოზიციის შიგნით ვინმე „ქოცის“ მესიჯს ახმოვანებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ დღეს „ქოცის“ მესიჯმა მოიგო. ჩვენ ოპოზიციის შიგნით ტალახის სროლაში არ ვმონაწილეობთ. არ მოვატყუოთ ამომრჩეველი – 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში დიდია რისკი იმისა, „ქართული ოცნებისა “და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ბარიერი ვინმემ დამაჯერებლად გადალახოს. არის არა იდეების კონკურენცია, არამედ ფინანსების. იმისთვის, რომ ოპოზიციისთვის მიცემული ხმა მანდატებში გადაისახოს და ეს ხმა „ქოცმა“ არ წაიღოს, კოორდინაცია და პარტიების გამსხვილება არის საჭირო. პარტიები უნდა გამსხვილდეს, რადგან ყველა გადაუნაწილებელი მანდატი, ანუ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიცემული ხმა, „ქართულმა ოცნებასთან“ არ მოხვდეს. იმ პარტიებსაც კი, ვინც ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზია, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ერთიან კოალიციურ მთავრობაში ყოფნა მოუწევთ. კოალიციას არჩევნებამდე გააკეთებ თუ არჩევნების შემდეგ, ეს საარჩევნო ტაქტიკის საკითხია. ოპოზიციამ ერთმანეთის მიმართ წინასწარ ისეთი ბარიერები არ უნდა დავაწესოთ, რომ, საბოლოო ჯამში, „ქოცი“ დარჩეს მოგებული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
0
0