11/04/2023
13:21
პოლიტიკა
ოპოზიცია უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდით. ყველაფრის თავიდათავი არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასზე აყოლილი ერთი-ორი საპარლამენტო პარტიის გაუთავებელი ბოიკოტობანა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც სამშაბათიდან ისედაც იქნება პარლამენტში სესიები, გაუგებარია, რატომ მიმართავდნენ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით.
„სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, რატომ ვიწვევდით რიგგარეშე სხდომას და პრეზიდენტს რატომ ვთხოვდით სხდომის მოწვევას, როდესაც სამშაბათიდან ისედაც ჩვეულებრივი სესიები იქნება. ჩემთან რა დონის კომუნიკაციაც ჰქონდათ დანარჩენ ოპოზიციონერ კოლეგებს, მე და ქეთი თურაზაშვილმა თანხმობა განვაცხადეთ. შემდეგ იყო კომუნიკაცია, გვინდა, პრეზიდენტს მივმართოთო, არ ჩავძიებივართ, მაგრამ ვერ მივხვდი, რა საჭირო იყო პრეზიდენტისთვის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნა. არ მინდა, ხაბეიშვილთან და წითლიძესთან დაკავშირებით რაღაც დიდ შეთქმულებებში შევიდე. მე რაც წავიკითხე, სადაც არიან წასული, იმ ვიზიტს ერთ და ნახევარ დღეში ვერ დაგეგმავ. ამიტომ არ მინდა, მათ დავაბრალო. უბრალოდ, ასე არეულ-დარეულად მოხდა. გულახდილად რომ ვთქვა, ყველაფრის თავიდათავი არის „ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ ერთი-ორი მასზე აყოლილი საპარლამენტო პარტიის გაუთავებელი ბოიკოტობანა. საგამოძიებო კომისიის საკითხზეც ყველანი უხერხულში აღმოვჩნდით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ოპოზიციამ პრეზიდენტს გუშინ, 10 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართა.
მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო პოლონეთიდან, რომელზეც მასთან ერთად არიან ანა წითლიძე, გიული ალასანია, გიორგი ჩალაძე და ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან ანა ფოტიგა.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა კვლავ ბრიფინგი გამართეს და პრეზიდენტს მიმართეს, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დანიშნოს.
0
0