21/12/2024
16:05
პოლიტიკა
ეუთო/ოდირის მიერ გუშინ გამოქვეყნებულმა დასკვნამ ოპოზიციის იმედებს საბოლოოდ დაუსვა წერტილი, რადგან დასკვნაში ორი მთავარი სტანდარტია აღიარებული: დაფიქსირდა, რომ იყო კონკურენტუნარიანი არჩევნები და მათი ადმინისტრირება იყო უმაღლეს დონეზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„მას შემდეგ რაც ეუთო/ოდირმა წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა, როდესაც ცალსახად მიუთითებდა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და რაიმე ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ეუთო/ოდირი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი იყო. გუშინ გამოქვეყნებულმა დასკვნამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი მათ რაიმე სახის იმედებს, გამომდინარე იქიდან, რომ ორი მთავარი სტანდარტი იყო აღიარებული ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში. პირველი, მათ კიდევ ერთხელ ცალსახად დააფიქსირეს, რომ ეს იყო კონკურენტუნარიანი არჩევნები და მეორე, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომ ადმინისტრირება ანუ არჩევნების ჩატარება იყო უმაღლეს დონეზე განხორციელებული. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არჩევნების კონტექსტში გამოთქმული გარკვეული რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან საინტერესო და საყურადღებოა, თუმცა, ამ ანგარიშის მიხედვით არსებითი ისეთი ხარვეზი არ დაფიქსირებულა, რასაც შეეძლო, არჩევნებზე გარკვეული ზეგავლენა ჰქონოდა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ეუთო/ოდირის დასკვნას თავისებური ინტერპრეტაცია მისცეს და ხავსს ეჭიდება, თუმცა ცალსახა ფაქტია, რომ ანგარიში არ ასახავს რაიმე მძიმე ფაქტებს.
„დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ მიუთითა, რომ აშშ-ში ნოემბრის დასაწყისში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე რა სახის დასკვნა ჰქონდა ეუთო/ოდირს და პარალელებს თუ გავავლებთ, რა თქმა უნდა, ცალსახა ფაქტია, რომ ანგარიში, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იყო წარდგენილი, არ ასახავს ისეთ მძიმე ფაქტებს, რომელიც თუნდაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ოპოზიციის მხრიდან არარსებულის რეალობად გასაღება ვერ იქნება საზოგადოების მიერ მიღებული. ფაქტია, არჩევნები ჩატარდა, ეს არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და მაღალი სტანდარტებისა და მაღალი ადმინისტრირების პირობებში ჩატარებული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
0
0