26/10/2024
23:00
არჩევნები 2024
„ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა არჩევნების დღე გადაცემაში „იმედი LIVE“ შეაჯამა. მან ქვეყანას „უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანი“ გამარჯვება მიულოცა.
„ეს არჩევნები უპრეცედენტო იყო პირველ რიგში ხალხის აქტიურობით. 2012 წლის შემდეგ მსგავსი აქტიურობა არ ყოფილა. მეორე - უპრეცედენტო იყო თავისი მნიშვნელობით, იმიტომ რომ ეს იყო არჩევანი ყოფნასა და არყოფნას შორის, ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის არსებობასა და არარსებობას შორის, შენებასა და განადგურებას შორის და მესამე - უპრეცედენტო იყო, იმიტომ რომ ეს არ იყო უბრალოდ არჩევნები პოლიტიკურ პარტიებს შორის, ეს არ იყო არჩევნები რაღაც პროგრამებს შორის. ეს იყო არჩევნები, სადაც ქართველი ხალხი და მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“ და „ხალხის“ ძალა დაუპირისპირდნენ მართლა უზარმაზარ გლობალურ ძალას, რომელსაც ჩვენ „გლობალურ ომის პარტიას“ ვუწოდებთ და მათ აგენტურას საქართველოში. მას აქვს წარმოუდგენელი ფინანსური და პიარული რესურსები, წარმოუდგენელი ძალაუფლება. ამას ყოველდღე ხედავდა ქართველი ხალხი იმ განცხადებებით, რომლებსაც ისმენდა უცხოეთიდან და უპრეცედენტო იყო იმ ერთიანობით, რაც ქართველმა ხალხმა გამოიჩინა“, - აღნიშნა სუბარმა.
მისივე შეფასებით, თვითონ კენჭისყრის პროცესში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა გარკვეულ ლოკაციებზე მდგომარეობის დაძაბვას, თუმცა ეს ვერ მოახერხა, რადგან არჩევნების ორგანიზების დონე საოცრად მაღალი იყო, რასაც თითქმის ყველა საერთაშორისო დამკვირვებელიც აღნიშნავდა.
„მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია ამბობდა, რომ ელექტრონული სისტემის შემთხვევაში არჩევნების გაყალბება უბრალოდ შეუძლებელია და ახლა იძულებულები იქნებიან, აღიარონ არჩევნების შედეგები. სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ“, - დასძინა სუბარმა.
0
0