
„მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტზე ოპონენტების ნებისმიერი განცხადება დემაგოგიური და პოპულისტური ხასიათისაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპონენტები ცდილობენ, საზოგადოებას ცვლილებები ისე წარუდგინონ, თითქოს დროებითი კონსტრუქციების მონტაჟი ან არსებულის დემონტაჟი ავტომატურად ხდება და დროებითი კონსტრუქციების განლაგება იკრძალება, რაც არის სრული სიცრუე.
„„მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც წარმოვადგინეთ, იძლევა იმ საშუალებას, რომ სწორედ საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე დაშვებულია შეზღუდვა, რომელიც კონკრეტული კრიტერიუმებით არის გაწერილი და რომელზეც სასამართლო კონტროლის მექანიზმია დაწესებული, თავსებადია ადამიანის უფლებათა იმ მაღალი სტანდარტის და იმ პოზიტიური ვალდებულების, რაც ხელისუფლების მიმართ არსებობს, როგორც კონსტიტუციიდან, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან. შესაბამისად, ჩვენი ოპონენტების ნებისმიერი განცხადება დემაგოგიური და პოპულისტური ხასიათისაა.
ამ ადამიანების ინტერესების კვეთაში მოვიდა ეს კანონპროექტი. ისინი ცდილობენ, როგორღაც საზოგადოებას ეს ცვლილებები წარუდგინონ, თითქოს დროებითი კონსტრუქციების მონტაჟი ან არსებულის დემონტაჟი ავტომატურად ხდება და დროებითი კონსტრუქციების განლაგება იკრძალება. ეს სრული სიცრუეა. მშვიდობიანი მანიფესტაციებისა და შეკრებების კონტექსტში კონსტრუქციების მონტაჟი კანონით დასაშვებია. ჩვენ შემოგვაქვს ნორმა, რომელიც კონკრეტულ კრიტერიუმებს აწესებს საზოგადობრივი წესრიგისა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რა შემთხვევაში შეიძლება, მოთხოვნილი იყოს იმისთვის, რომ უფრო მეტი ღირებულება იყოს დაცული. კონტროლის მექანიზმები არსებობს, რომელიც ამ გადაწყვეტილების მართებულიბაზე იმსჯელებს“, – აღნიშნა მიქანაძემ.
მისივე განცხადებით, ოპოზიციის რეალური სახე დღეს პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ ცალსახად გამოჩნდა. მიქანაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დასმული ყველა კითხვა აბოლუტურად აცდენილია კონტექსტუალურ განხილვას.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი სრულად თავსებადია როგორც კონსტიტუციასთან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან და ადამიანის უფლებათა იმ მაღალ სტანდარტთან, რომელსაც აწესებს თავისი პრეცედენტული გადაწყვეტილებებით სტრასბურგის სასამართლო. ამის შესახებ ჩვენ როგორც განმარტებით ბარათში, ასევე სხდომაზე ჩემი გამოსვლის დროს არაერთი კონკრეტული პრეცედენტი მოვიყვანეთ და საზოგადოებას გავაცანით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
0
0