
ამ წუთებში იაშვილის კლინიკაში 2 წლის ბავშვს, რომელიც ოზურგეთში პიტბულმა დაკბინა, ოპერაცია უტარდება.
საინფორმაციო სააგენტო “სფეისნიუსი” ლაზარეს დედას დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, ოპერაცია 13:00 საათზე დაიწყო.
“ოპერაცია 12 ან 14 საათს გაგრძელდება. ოპერაციის ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს”, აცხადებს ლაზარეს დედა “სფეისნიუსთან”.
ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან, დღის პირველ ნახევარში, კლინიკა “კარაპს მედლაინში” გადაიყვანეს, სადაც აღნიშნული ოპერაცია ტარდება.
ბავშვს თავზე კანს გადაუნერგავენ და შემდეგ ისევ იაშვილის კლინიკაში დააბრუნებენ მკურნალობის გასაგრძელებლად. ექიმების თქმით, ოპერაციის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 48 საათი, რომ დააკვირდნენ როგორ მიიღებს სხეული გადანერგილ კანს.
“აუცილებელი ჩარევა, რაც განხორციელდა პირველ ეტაპზე, ეს იყო კანის დაზიანებული უბნების მოცილება, ჭრილობის გასუფთავება, ამის ძირითადი მიზანი იყო მეორადი ინფექციისგან ბავშვის დაცვა. […] რისკი ამ ეტაპზე ინფექციის განვითარების ძვლის ინფექციის, სისტემური ინფექციის, არის მინიმუმამდე დაყვანილი. ახლა ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, წუხანდელმა ღამემ მშვიდად ჩაიარა და მშობლები აღნიშნავენ, რომ პირველი ღამე იყო, როცა ბავშვს წყნარად ეძინა, ტემპერატურა არ გვაქვს”, – ამბობს იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე.
ცნობილია, რომ ლაზარეს ოპერაციის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს. ოზურგეთის კლინიკაში რჩება მისი 5 წლის ძმაც, რომელსაც ფეხის არეში აქვს დაზიანება მიყენებული.
0
0