
“ჩვენ ასევე გვეკითხებიან, რომ გეშინია ომის? გეგონება, ომის რომ გეშინია, ეს ცუდი რამეა. გეშინია, რადგან მოსახლეობა არ ჩავარდეს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს უკრაინის მოსახლეობა. ცდილობენ, ამის კნინობითი ფორმით წარმოჩენას. ეს შიში არის ნორმალური. ეს შიში გამოხატულია ნატო-ს კომუნიკეში. ნატო-ს ეშინია და საქართველოს რომ ეშინოდეს ეს ბუნებრივია“, – განაცხადა ”ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ნატო-ს დღევანდელი კომუნიკეს შეფასებისას.
მისი თქმით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს ტექსტით, რეალურად ძალაში დარჩა სტატუს-კვო უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში.
„რაოდენობრივად ტექტსი მეტია მოცემული დოკუმენტში უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ხარისხობრივად არავითარი განსხვავება არ არის. შენარჩუნდა სტატუს-კვო, რაც არის რუსეთის მიმართ პრაგმატული პოლიტიკის შედეგი. მით უმეტეს, რომ კონკრეტული ჩანაწერებიც არის მოცემული რუსეთთან დაკავშირებით წერია პირდაპირ, რომ ნატო არ ეძებს კონფრონტაციას, რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობები ვერ ექნება უკრაინის ომის შემდეგ, მაგრამ კონფრონტაციასაც არ ეძებს, ეს არის რეალური მოცემულობა.
რაც შეეხება საქართველოს შესახებ ჩანაწერს, ძალაში დარჩა ის დაპირება, რომელიც ჩაიდო თავის დროზე ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში, რომ საქართველო სამომავლოდ აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, გაურკვეველია დეტალები, როდის, როგორ და ა.შ. იგივე ეხება რეალურად უკრაინასაც“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, უკრაინის შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ პირობები უნდა დააკმაყოფილოს და 32-ვე ქვეყანა უნდა შეთანხმდეს, რომ სურთ, მიიწვიონ უკრაინა ნატო-ს წევრად.
0
0