
11-დან 15 თებერვლამდე უკრაინის თავდაცვის ძალებმა 201 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნეს, რაც უკრაინელი ჯარების მიერ ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ყველაზე დიდი წინსვლაა, – ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.
მათივე ცნობით, გათავისუფლებული ტერიტორია რუსული ჯარების მიერ 2025 წლის დეკემბრის თვის განმავლობაში დაკავებულ ტერიტორიებს აღემატება.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისის კონტრშეტევის შემდეგ ეს უკრაინის ყველაზე დიდი ტერიტორიული მიღწევაა.
„უკრაინული კონტრშეტევები სავარაუდოდ შესაძლებელი გახდა რუსული ძალებისთვის Starlink-ზე წვდომის ბოლოდროინდელი ბლოკირებით. რუსი სამხედრო კორესპონდენტების თქმით, ამან სერიოზული შეფერხებები გამოიწვია კომუნიკაციებსა და საბრძოლო ველზე სარდლობისა და კონტროლის მხრივ“, – ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.
მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ძირითადი წინსვლა ზაპოროჟიეს აღმოსავლეთით, დაახლოებით 80 კილომეტრში დაფიქსირდა, სადაც რუსული ძალები 2025 წლის ზაფხულიდან წარმატებით მოქმედებდნენ.
უკრაინულმა ძალებმა ასევე კონტროლი დაიბრუნეს ხარკოვის, კოსტიანტინივკას, პოკროვსკისა და ნოვოპავლოვკის მიმართულებით ტერიტორიებზე.
0
0