24/05/2023
20:30
პოლიტიკა
ომის მიმდინარეობისას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში „გერმანიის მარშალის ფონდის“ მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა.
ღონისძიებაზე ვილნიუსში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მზადება განიხილებოდა.
„ყველა აცნობიერებს, რომ შუა ომის დროს გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას. კითხვა მდგომარეობს უფრო იმაში, რა მოხდება, როდესაც ომი დასრულდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, სტოლტენბერგმა დაადასტურა ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა.
„ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ნატო-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის და რომ ნატო-ს მოკავშირეების და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის შეუერთდებიან ისინი და არა მოსკოვის. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება. ასევე ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყველაზე სასწრაფო და მნიშვნელოვანი ამოცანა ახლა არის იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ. რადგან, თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს, წევრობის საკითხი განსახილველი არ იქნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები, სულ მცირე, შეთანხმდებიან პროგრამაზე, რომელიც უკრაინას ნატო-სთან დააახლოებს და ალიანსთან უფრო მეტად თავსებადს გახდის.
0
0