31/05/2023
13:24
სხვადასხვა
არ მესმის ამ ვნებათაღელვის საფუძველი რა იყო, იმდენად აბსურდული იყო ეს ვნებათაღელვა, იგივე გასული წლის მარტში, ომის დაწყებიდან ორ კვირაში ზელენსკი საუბრობდა ნატო-ში შესვლის გადაფიქრებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთისთვის ომის დაწყების საფუძვლად იქცა სწორედ ნატო-სკენ სწრაფვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი თუ საუბრობს ომის დაწყების მიზეზებზე, რატომ არ შეიძლება ამ თემაზე საქართველოშიც ისაუბრონ.
„ზელენსკის თუ აქვს ამაზე საუბრის უფლება, ჩვენ არ გვაქვს? ან პრემიერს, ან მე, ან სხვას, რატომ არ გვაქვს ამაზე საუბრის უფლება, როცა ზელენსკი საუბრობს ამ ყველაფერზე. აქედან ჩანს, რომ ეს არის რაღაც თითიდან გამოწოვილი სპეკულაციები. თუმცა, საინტერესო რა არის, რომ გლობალურმა ომის პარტიამ ამ კამპანიაში ჩართო აბსოლუტურად ყველა აგენტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მე მათ ვურჩევდი მომავალში ნაკლებად გააშიშვლონ ხოლმე ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში საკუთარი აგენტები, გამოაგორეს ძველი ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები, ახალი აგენტები, გამოაგორეს სცენაზე ლორა თორნთონი, საერთოდ არ გვახსოვდა და უცბად გამოაგორეს, NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი, საერთოდ არავის ახსოვდა და ისეც კი გამოაგორეს სცენაზე. ყველა გლობალური ომის პარტიის ძველი თუ ახალი აგენტი ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, გამოიყვანეს სცენაზე და ყველას ალაპარაკეს სრული აბსურდი, იმ სრულიად უწყინარ და ლოგიკურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გააკეთა პრემიერმა“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი, ჩვენ ვხედავთ შედეგებს“.
0
0