
ომის დასრულების სურვილი ლიდერების დონეზე დიპლომატიური შეხვედრაა, თუ რუსეთი არ გამოხატავს შეხვედრის სურვილს, ჩვენ ვთხოვთ შეერთებულ შტატებს, შესაბამისად იმოქმედოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ტერიტორიებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს საკითხი მასსა და პუტინს შორის არის განსახილველი. ზელენსკის თქმით, თუ რუსული მხარე არ გამოხატავს შეხვედრის სურვილს, მაშინ კიევი სთხოვს აშშ-ს, რომ შესაბამისად იმოქმედოს.
„ამერიკის პრეზიდენტი დაუკავშირდა რუსულ მხარეს და მათ განიხილეს, თუ რა დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელია. რუსეთმა შესთავაზა ჯერ ორმხრივი შეხვედრა უკრაინასა და რუსეთს შორის, შემდეგ კი სამმხრივი შეხვედრა. როგორც ვთქვი, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ფორმატისთვის ლიდერების დონეზე, რადგან მხოლოდ ლიდერების დონეზე შეგვიძლია გადავჭრათ ყველა ეს რთული და მტკივნეული საკითხი. ამერიკის პრეზიდენტმა და მე განვიხილეთ საკითხი, რომ ყველა მხარემ უნდა გამოხატოს ომის დასრულების სურვილი. ომის დასრულების სურვილი კი ლიდერების დონეზე დიპლომატიური შეხვედრაა. თუ ერთი ან მეორე მხარე არ გამოხატავს შეხვედრის სურვილს, მაშინ ჩვენ ვთხოვთ შეერთებულ შტატებს, იმოქმედოს შესაბამისად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეტალი ახლო დღეებში გახდება ცნობილი. მისი თქმით, ეს ფორმალურ სახეს დაახლოებით 7-10 დღეში მიიღებს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები, როგორც მთავარი საკითხი, როგორც ომის დასრულების საწყისი წერტილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვიწყებთ იმით, რაც უნდა იყოს საბოლოო მიზანი, კერძოდ, დაცვა და ვიწყებთ ამაზე მუშაობას. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ ის იქნება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დაეხმარებიან, კოორდინაციას გაუწევენ და ასევე მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში. მე მჯერა, რომ ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპთან ტყვეების საკითხიც განიხილებოდა.
„ჩვენ შევთანხმდით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ის ეთანხმება, რომ ეს რთული სისტემაა, მაგრამ ტრამპი დამეხმარება ტყვეების გაცვლაში ფორმულით ყველა ყველაზე. არა მხოლოდ სამხედრო ტყვეების, უპირველესად ჩვენი არამედ სამოქალაქო პირების, ჟურნალისტების და პოლიტიკური პატიმრების. ჩვენ შევთანხმდით ამაზე მუშაობაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
0
0