
3 წელი ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიც შენ ხარ, მიმდინარეობს ომი - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის ვრცელი პოსტით ტრამპი-ზელენსკის ოვალურ კაბინეტში გამართულ, სკანდალურ შეხვედრას გამოეხმაურა.
მისი თქმით, "ომის დასრულების შანსი იყო ძალიან ახლოს და ეს იმდენად ღირებული მომენტია, რომ ამისთვის შეიძლება კოსტიუმიც ჩაიცვა, წიაღისეულიც გაყიდო, რამდენიმე წუთით ენას კბილი დააჭირო, ხოლო, რადგან ინგლისური კარგად არ იცი, გვერდზე თარჯიმანი დაისვა და ისე ილაპარაკო."
რაქვიაშვილი წერს:
"3 წელი ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიც შენ ხარ, მიმდინარეობს ომი.
ომი მარცხით მალევე დამთავრდებოდა, რომ არა შენი რიგითი მოქალაქეების და შემდგომ ჯარისკაცების გმირობა. ხოლო, როგორც ცნობილია, გმირობა მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როცა სხვები საკუთარ საქმეს არ აკეთებენ. თუ ჯარი პროფესიონალურად იბრძვის, ცალკეულ ჯარისკაცს ქვეყნის დასაცავად გმირობა არ დასჭირდება, თუ ექიმები პროფესიონალები არიან, პაციენტი ცალკეული ექიმის გმირობის გარეშეც გადარჩება და ა.შ.
უკრაინელების მასობრივი გმირობა კი იმიტომ დავინახეთ, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და განუვითარებელი ქვეყანა იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. იმდენად განუვითარებელი, რომ 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებს რუსები იკავებდნენ ისე, რომ მთავრობას თავის დასაცავად ჯარი არ ყავდა, ხოლო ბევრი დანაყოფი იარაღს ყრიდა და გარბოდა. რომ არა უკრაინის განუვითარებლობა, არავინ დაიწყებდა 40 მილიონიან ქვეყანასთან ომს, ყოველ შემთხვევაში, 140 მილიონიანი ქვეყანა ნამდვილად ასეთ ომს ვერ გაბედავდა.
თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა, რუსეთმა დაიწყო ომი, ხალხის გმირობამ ქვეყანა გადაარჩინა, მალევე ჯარიც დალაგდა და უკვე ჯარისკაცების დამსახურებით, კიევი არ დაეცა. უკრაინის ხელისუფლებას გაუჩნდა უნიკალური შანსი - სრული ლეგიტიმაციის პირობებში და ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერით მათ შეეძლოთ ნებისმიერი რეფორმის ჩატარება და იმ კომუნისტური ჭაობიდან ამოსვლა, რომელშიც უკრაინა მთელი ეს წლები იმყოფებოდა.
ამ ვითარებაში ზელენსკის მთავრობამ იპოვა დრო საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გასაშვებად და სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად, მაგრამ ვერ შეძლო ვერც ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმის ჩატარება. უკრაინის ცენტრალური ბანკი იმდენად კატასტროფულ პოლიტიკას ატარებს, რომ მე რომ ვიყო უკრაინელი, ყველა მისი თანამშრომლის ციხეში გაშვებას მოვითხოვდი, ხოლო უკრაინელ დეპუტატებს შორის იმგვარი კორუფციაა, რომ Bentley-ის ახალი მოდელის პირველი მანქანა კიევში იყიდება.
ქვეყნის საუკეთესო ადამიანების დიდი ნაწილი ფრონტზეა, ხოლო ყველა უღირსი - ომზე ფულს შოულობს. პრობლემები იმდენად ცხადი ხდება, რომ უკვე 2023-2024 წლებში ზოგ რეგიონში მობილიზაციის გეგმა 10%-ით სრულდება, ხალხი ათასობით და ათიათასობით დოლარის ქრთამს იხდის, რომ მობილიზაციას გაექცეს, არადა ომის პირველ თვეებში მობილიზაციის საჭიროება არ იყო — ხალხი თვითონ მიდიოდა ჯარში ქვეყნის დასაცავად. აქ კი უნდა მიხვდე, რომ რაღაცას არასწორად აკეთებ, მაგრამ დიდმა ძალაუფლებამ და საერთაშორისო დონეზე გმირად გამოცხადებამ, როგორც ჩანს, ზელენსკიზე ცუდად იმოქმედა.
ამასობაში, არცერთი უკრაინის მოკავშირე არ აკეთებს იმის 50%-საც, რაც შეუძლია. ფაქტობრივად, ყველა უარს ამბობს, რომ უკრაინას ისეთი დახმარება გაუწიოს, რომელიც რუსეთის დამარცხებას გამოიწვევს. ალბათ, ესტონეთია გამონაკლისი, მაგრამ ესტონეთის ჯარი გინდ იყოს, გინდ არა, როცა ასეთ მასშტაბურ ომზეა საუბარი. სასაცილო იქნებოდა, რომ არ იყოს ტრაგიკული, რომ F-16-ს ორი წელი უკრაინას არავინ აძლევდა და ახლაც ცოტ-ცოტას და ცოტა მოძველებულს აძლევენ. ფაქტობრივად, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, აშშ-სა და ევროპელების პოლიტიკა იყო ომის გაგრძელება და არა ის, რომ უკრაინამ ეს ომი მოიგოს. აგერ გერმანელები დღემდე არ აძლევენ რაკეტებს, ხოლო რა რაკეტებსაც უკრაინა იღებს, იღებს მხოლოდ იმ დათქმით, რომ „შორს არ ისროლოთ, რუსეთი ძალიან არ დააზიანოთ“. ასეთი ლაჩრული თუ მოკავშირის მიმართ მოღალატეობრივი ქმედებების მაგალითი იმდენია, რომ წიგნიც დაიწერება, თუ ვინმეს მოუნდება ამ ბინძური ისტორიის აღწერა.
გავიდა სამი წელი. ასიათასობით ადამიანი დაიხოცა ან დაიჭრა, მილიონობით ადამიანის ცხოვრება დაინგრა და ამერიკაში მოდის ადმინისტრაცია, რომელიც წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით გეუბნება, „მოდი გავჩერდეთ და ომი შევწყვიტოთ“. აქამდე არავინ გპირდებოდა გამარჯვებას, ვერავინ გაბედა ისეთი დახმარება გაგიწიოს, რომ მოგეგო, არადა ბევრს შეეძლო. ევროპამ ისიც კი არ გააკეთა, რომ ჭურვების წარმოება აეწყო, რათა უკრაინის არტილერიის საჭიროება დაეკმაყოფილებინა. არც შენი მთავრობა მოიქცა წესიერად და ქვეყნის განვითარება დაიკიდა. ამ ყველაფრის გამო კარგი არჩევანიც აღარ დაგრჩა და შეგიძლია ან გააგრძელო უიმედო ომი (რომელიც უიმედო შენი და შენი მოკავშირეების შეცდომების გამო გახდა), ან ცეცხლი შეწყვიტო და უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინო.
ჰოდა, აი, ეს ომის დასრულების შანსი იყო ძალიან ახლოს და ეს იმდენად ღირებული მომენტია, რომ ამისთვის შეიძლება კოსტიუმიც ჩაიცვა, წიაღისეულიც გაყიდო, რამდენიმე წუთით ენას კბილი დააჭირო, ხოლო, რადგან ინგლისური კარგად არ იცი, გვერდზე თარჯიმანი დაისვა და ისე ილაპარაკო. ამის ნაცვლად, ზელენსკიმ ვანსის მიერ ტრამპის ქება-დიდება ვერ აიტანა (რომელიც ზელენსკის არც კი ეხებოდა), და სრულიად არასაჭირო დროს, არასაჭირო ადგილას ისე მოიქცა, რომ ცეცხლის შეჩერება გადაიდო. ეს შეცდომაც არ არის, ეს უფრო დანაშაულს გავს, რის გამოც მხოლოდ ღმერთმა იცის, თუ კიდევ რამდენი ადამიანი დაიღუპება, და კიდევ რა დამატებით დათმობებზე მოუწევს უკრაინას წავიდეს, რომ ეს ომი დასრულდეს.
ხოლო, ტრამპი იდეალური რომ არ არის, ამის მტკიცებას რა აზრი, ანგელოზებს ელოდებით? მითუმეტეს, რომ დასავლეთის ლიდერებს შორის, ნამდვილად ყველაზე ადეკვატური ადამიანია და პრეტენზია მაინც აქვს, რომ მორალურად სწორ პოზიციას იკავებს. ასე რომ, მისი ლანძღვის ნაცვლად, სჯობს, ვიმედოვნოთ, რომ ბევრ შეცდომას არ დაუშვებს და მართლა დააბრუნებს აშშ-ს პოლიტიკაში საღ აზრსა და მორალს, რაც დიდი ხანია არავის გაუბედავს არც აშშ-ში, არც დანარჩენ ცივილიზებულ ქვეყნებში." - წერს რაქვიაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.
0
0