
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალასკაში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ „მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევაა მოსალოდნელი“.
„ჩემი პოზიცია უკრაინისთვის აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებასთან დაკავშირებით შესაძლოა შეიცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ სამიტზე აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები უფრო ბიზნეს-ეკონომიკურ ინტერესებზე იქნებიან ფოკუსირებულნი, ჩემი პრიორიტეტია ომზე შეთანხმების მიღწევა, სანამ სხვა სფეროებზე გადავალთ,“ - თქვა ტრამპმა.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით რეპორტიორის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ შესაძლოა ჩაერთოს პროცესში, „ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად“. თუმცა, მან დასძინა, რომ ეს შედეგი ნატოში უკრაინის გაწევრიანების სახით არ მიიღება.
„კონკრეტული რამ არ მოხდება, მაგრამ კი, ევროპასთან ერთად, შესაძლებელია აშშ-იც ჩაერთოს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ჩვენ არ ვაწარმოებთ არანაირ ბიზნეს გარიგებას, სანამ ომს არ დავასრულებთ.
რაც შეეხება სამიტის შედეგად სავაჭრო შეთანხმებების მიღწევის შანსებს, პუტინს სურს აშშ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ნაწილი. ვამჩნევ, რომ მას რუსეთიდან ბევრი ბიზნესმენი მოჰყავს და ეს კარგია. მომწონს ეს იდეა, რადგან მათ ბიზნესის კეთება სურთ, მაგრამ ჩვენ ბიზნესს მანამ არ ვაკეთებთ, სანამ ომს არ დავასრულებთ. პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინაზე მიმდინარე თავდასხმები მას ძალას ჰმატებს, თუმცა ვფიქრობ, ეს მას, პირიქით, აზიანებს, მაგრამ მე მასთან ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ.
შეიძლება თუ არა მიწების გაცვლის საკითხის განხილვა? ეს საკითხი განიხილება, მაგრამ მე უკრაინას უნდა დავუტოვო ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მაგრამ მე აქ უკრაინის სახელით მოლაპარაკებებისთვის არ ვიმყოფები, მე აქ იმისთვის ვარ, რომ [პუტინს] მოლაპარაკების მაგიდასთან დავუკავშირდე. ნახეთ, ვლადიმერ პუტინს მთელ უკრაინზე სურდა კონტროლის აღება. მე რომ არ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ახლა მთელ უკრაინას დაიკავებდა, მაგრამ ის ამას არ აპირებს“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპს ასევე ჰკითხეს კვირის დასაწყისში გაჟღერებული მუქარის შესახებ, რომლის თანახმად, პუტინი „მძიმე შედეგების წინაშე დადგება“, თუ ის მშვიდობის დამყარებით არ იქნება დაინტერესებული.
„ეკონომიკურად მძიმე შედეგი, დიახ, ეს ძალიან მძიმე იქნება. ამას ჩემი ჯანმრთელობისთვის არ ვაკეთებ. მინდა ჩვენს ქვეყანაზე გავამახვილო ყურადღება, მაგრამ ამას ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ვაკეთებ“, - თქვა ტრამპმა.
0
0