30/07/2023
20:21
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ომის ეტაპობრივად რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნებას სამართლიანი და გარდაუვალი პროცესი უწოდა. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
"რუსულმა აგრესიამ ამოწურა თავი ბრძოლის ველზე. დღეს არის ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" 522-ე დღე, რომელზეც რუსეთის ხელმძღვანელობას ეგონა, რომ ერთი-ორი კვირა გაგრძელდებოდა.
უკრაინა ძლიერდება. თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას, მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებს. და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მომავალ ზამთარს რუსეთს კვლავ შეუძლია უკრაინის ენერგეტიკის სექტორისა და კრიტიკული ობიექტების მიზანში ამოღება.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით ახლა, ზაფხულში და სექტემბერში მაქსიმალურად აქტიური იყოს ყველაფერში, რაც უნდა გაკეთდეს ზამთრის დადგომამდე." - თქვა ზელენსკიმ.
დღეს, 30 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში 50-სართულიან კომპლექსს, Москва-Сити-ს უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა და აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელდა.
"30 ივლისს დილით, კიევის რეჟიმის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმის მცდელობა მოსკოვის ობიექტებზე აღკვეთეს." - წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
0
0