31/05/2023
14:04
პოლიტიკა
ომები რუსეთის მხრიდან ხდება ზუსტად იქ და იმიტომ, რომ ეს ქვეყნები ჯერ კიდევ არ ვართ ნატოს წევრები. ნაცვლად იმისა, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესი, ხელისუფლება იმეორებს რუსული პროპაგანდის ნაწილს, ურევს ერთმანეთში მტერსა და მოყვარეს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განუცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ამაზე უფრო ანტიევროპული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ღია რიტორიკა ხელისუფლების მხრიდან, 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული დღემდე არ ახსენდება.
„ღარიბაშვილი და „ოცნების“ სხვა ლიდერები უკვე აღარ ერიდებიან, ღიად და პირდაპირ, მთელს მსოფლიოს ამცნონ, რომ საქართველოში მთავრობის ოფიციალური პოზიციები ყველაზე უფრო ახლოსაა მოსკოვის პოზიციებთან. სწორედ მოსკოვიდან გვესმის ამბები, რომ უკრაინაში ომი დასავლეთის მიერაა პროვოცირებული, ამას იმეორებენ, ამ სიტყვებით თუ სხვა სიტყვებით, ღარიბაშვილი და სხვები, თითქოს, რუსეთი იძულებული იყო რაღაცები გაეკეთებინა, აბა, რა ექნა?! რომ, თითქოს, უკრაინის ნატოს მისწრაფება იყო ამ ომის მიზეზი. მინდა ყველას შევახსენო კიდევ ერთხელ, სად იყო ნატო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც აფხაზეთსა და ყოფილ "სამხრეთ ოსეთში" ის ტრაგედია დაატრიალა რუსეთმა, რაც დაატრიალა?! სად იყო ნატო 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. ომები რუსეთის მხრიდან ხდება ზუსტად იქ და იმიტომ, რომ ეს ქვეყნები ჯერ კიდევ არ ვართ ნატოს წევრები. ნაცვლად იმისა, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესი, ხელისუფლება იმეორებს რუსული პროპაგანდის ნაწილს, პირდაპირ ადანაშაულებს დასავლეთს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ საქმიანობაში, ურევს ერთმანეთში მტერსა და მოყვარეს. ამაზე უფრო ანტიევროპული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ღია რიტორიკა ხელისუფლების მხრიდან მე 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული დღემდე არ მახსენდება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
0
0