21/11/2022
17:28
პოლიტიკა
“ეს არ ნიშნავს გამარჯვებას, მაგრამ ძალიან გამიხარდა” - ამის შესახებ ომბუდსმენობის კანდიდატმა, გიორგი ბურჯანაძემ საპარლამენტო კომიტეტში კენჭისყრის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დღეს გამართული კენჭისყრისას ყველაზე მეტი - 9 ხმა სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილმა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო. ბურჯანაძეს, რომელიც ამჟამად მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილეა, მხარი დაუჭირეს "ქართულმა ოცნებამ", "ლელომ", "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "საქართველოსთვის".
გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს: "ეს არ ნიშნავს გამარჯვებას, მაგრამ ძალიან გამიხარდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. პროფესიული საპარლამენტო კომისიის დადებითი შეფასება
და ეხლა კიდე ადამიანის უფლებათა კომიტეტის ერთსულოვანი (9-ვე ხმა) მხარდაჭერა.
ვნახოთ რა იქნება აწი".
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ანა აბაშიძეს მხარი დაუჭირა "ლელომ" და "ქართულმა ოცნებამ", ხოლო ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურას ენმ-მ და "ლელომ".
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით დღეს სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ ყველა კანდიდატს დაუჭირა მხარი გარდა ჯემალ ნათელაშვილის, ნიკოლოზ ნიკოლაძისა და გიორგი ცობეხიასი, რომლებმაც საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს.
კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადამწყვეტ კენჭისყრაზე წარდგენილი იქნება 19-ვე კანდიდატი.
0
0