09/06/2023
19:35
პოლიტიკა
გერმანიის ფედერალური მთავრობა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ოლაფ შოლცმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საქართველოსთან მრავალფეროვანი თანამშრომლობის გაფართოება, ამჟამინდელი უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხები, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის შედეგები განიხილა.
გერმანიის ფედერალური მთავრობის ცნობით, კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ გზაზე და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები რეფორმების კუთხით. ოლაფ შოლცის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციები მიუთითებს გზას კანდიდატის სტატუსისკენ.
მათივე ინფორმაციით, ოლაფ შოლცმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მიმართონ აუცილებელ ძალისხმევას დროულად და მაქსიმალური მონდომებით უახლოეს კვირებში.
რაც შეეხება უსაფრთხოების ვითარებას, როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ფედერალურმა კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
გერმანიის კანცლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, გააგრძელონ ღია და შედეგზე ორიენტირებული აზრთა გაცვლა, შეინარჩუნონ მჭიდრო კონტაქტი.
0
0