
ოკუპირებულმა ცხინვალმა და ნიკარაგუის რესპუბლიკამ „დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი და უცხოური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო ფორმალობებზე ორმხრივი უარის თქმის შესახებ“ შეთანხმება გააფორმეს.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 27 თებერვალს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ნიკარაგუას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალბა აზუჩენა ტორეს მეჯიას შორის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკარაგუის რესპუბლიკაში, ნარიმ კოზაევი და რუსეთის ფედერაციაში ნიკარაგუის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველ-წარმომადგენელი კლაუდიო ანტონიო არანა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საუბრისას განიხილეს ორ „მეგობარ ქვეყანას“ შორის ურთიერთობების ასპექტები და მათი გაძლიერებისა და განვითარების გზები, ასევე მიმდინარე საერთაშორისო მოვლენები.
„შეხვედრის დროს მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ნიკარაგუას რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი და უცხოური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო ფორმალობებისგან ორმხრივი უარის თქმის შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0