ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან უვადო აქცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, „აამთას“ ფონდის წევრმა ალხას ჯინჯოლიამ განაცხადა.
„ჩვენ, აფხაზეთის პარლამენტის კედლებთან შეკრებილნი, სამოქალაქო საზოგადოებისა და ინტელიგენციის, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დავიწყეთ განუსაზღვრელი აქცია ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების საპრეზიდენტო ვერსიით რატიფიცირების თავიდან ასაცილებლად, რაც ეწინააღმდეგება აფხაზეთის კონსტიტუციას. მოვუწოდებთ დაინტერესებულ მოქალაქეებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, მხარი დაუჭირონ სახალხო კრების მოედანზე მიმდინარე მშვიდობიან აქციას“, - განაცხადა ჯინჯოლიამ.
განცხადება ასევე გაავრცელა ახალგაზრდულმა მოძრაობამ „ხარა პიცუნდა“ („ჩვენი პიცუნდა“).
„დღეს პარლამენტის წინ ხალხი უკვე შეიკრიბა. ამის საპასუხოდ ხელისუფლება სამხედრო ტექნიკას ამკაცრებს. ბარიკადები არის ამ ხელისუფლების სიმბოლო და გზა, რომელიც მათ აირჩიეს ხალხის აზრის იგნორირებისთვის. დღეს არავის მოსვლას არ ვთხოვთ. მაგრამ თუ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ჩვენ აქ დავხვდებით. და ხვალ ყველმ, ვინც შეშფოთებულია, უნდა გამოხატოს თავისი სამოქალაქო პოზიცია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. 27 დეკემბერს. 9:00 საათზე, 10:00 საათზე, 11:00 საათზე იყავი“, - ნათქვამია განცხადებაში.
მედიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორის ადგურ აგრბას ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა. მან მოქალაქეებს მოუწოდა „თავი შეიკავონ უნებართვო აქციაში მონაწილეობისგან“.
0
0