
ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ეხმაურება.
საოკუპაციო რეჟიმს მოჰყავს გიორგი ბარამიძის განცხადება, რომ „ქართულ მხარეს ომში ტყვეები არ აჰყავდა, რადგან ხვრეტდა მათ“.
როგორც ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, „ბარამიძის სისხლის სამართლებრივი დევნა აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს გაფრთხილებას ყველასთვის, ვინც მზად არის, ღიად ისაუბროს საქართველოს შეიარაღებულ აგრესიასა და მის დროს ჩადენილ დანაშაულებზე“.
საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, „ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ქართული საზოგადოების იმ ნაწილზე და პოლიტიკურ ელიტაზე ზეწოლის მცდელობას, რომელიც ათწლეულების შემდეგ ავლენს წარსულის ტრაგიკულ მოვლენებზე ობიექტურად ფიქრის სურვილს“.
მათივე მტკიცებით, „აფხაზური მხარე მრავალი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ აცხადებდა 1992-1993 წლების დანაშაულების აღიარების, მათი ყოვლისმომცველი გამოძიებისა და საერთაშორისო-სამართლებრივი შეფასების აუცილებლობას“.
მარიონეტული რეჟიმის განცხადების მიხედვით, „ისტორიული ფაქტების საჯარო განხილვის შეზღუდვის მცდელობები ვერ შეცვლის ისტორიულ მეხსიერებას და მომხდარი მოვლენების ობიექტურ შეფასებას“.
„წარსული მოვლენების კონსტრუქციულად და პასუხისმგებლობით გაანალიზების ნაცვლად, ქართული საზოგადოების ნაწილი აგრძელებს ჩადენილი დანაშაულების უარყოფას, ცინიკურად ცვლის მათ პოლიტიზირებული ინტერპრეტაციებით. თუმცა, ისტორიული სიმართლის სრულად დავიწყება შეუძლებელია. დროთა განმავლობაში, მოვლენების ობიექტური შეფასებები სულ უფრო დასტურდება, მათ შორის ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც ავლენს მზადყოფნას, აღიაროს დაშვებული შეცდომები, მათ შორის ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მხრიდან. ასეთი ქმედებები მხოლოდ აჩვენებს საქართველოში გარკვეული პოლიტიკური ძალების მზაობის ნაკლებობას, ღიად და პასუხისმგებლობით გაიაზრონ 1992-1993 წლების მოვლენები“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
0
0