ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კულტურის სამინისტრომ ეროვნული სამხატვრო გალერეისთვის შემოწირულობების შეგროვების შესახებ გამოაცხადა.
„აფხაზი მხატვრების ოქროს ფონდის დაკარგვა კოლოსალური დანაკარგია და მომხდარის მასშტაბებიდან გამომდინარე, დიდი ტრაგედიაა ჩვენი რესპუბლიკისთვის“, - აღნიშნავენ „კულტურის სამინისტროში“.
როგორც სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს, დეფაქტო აფხაზეთის მთავრობა „სპეციალური კონტროლის ქვეშ ატარებს ეროვნული სამხატვრო გალერეის გახსნის საკითხს“.
„შეშფოთებული მოქალაქეები დაუკავშირდნენ კულტურის სამინისტროს, რომლებიც მზად არიან უწყებას დაეხმარონ ხელოვნების ობიექტების შეძენაში და ამიტომ, გადაწყდა, რომ გახსნილიყო ფონდი სამხატვრო გალერეის სახსრების შესავსებად. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვინც გამოიჩენს ინიციატივას ჩვენი რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის საქმეში“, - ნათქვამია განცხადებაში.
კულტურის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ დეპარტამენტის უფროსს, დინარა სმირს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის კულტურის მინისტრ ოლგა ლიუბიმოვასთან.
თავის მხრივ, ოლგა ლიუბიმოვამ დაადასტურა მზადყოფნა გააგრძელოს მხარდაჭერა და დახმარება ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში ხანძრის შედეგად გადარჩენილი სამუშაოების აღდგენაში.
0
0